ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყება უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს.
ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით. ასევე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უწყებებს შორის, რომ მოხდეს პასუხისმგებლობების გადანაწილება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გარკვეულწილად აქცენტს აკეთებს ტემპერატურის შეფასებაზე ქვეყანაში შემოსვლის ადგილზე. მისი თქმით, ამისი მზაობა არის და სასაზღვრო პუნქტებში შესაძლებელი იქნება უკვე თერმული შეფასებაც.
„ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას, პირველ რიგში, მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხევევაში თუ ასეთი მგზავრი გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, რომ გაიაროს საწყისი ტრიაჟი ადგილზე, აეროპორტშივე ვიდრე მოხდება მისი ან გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში”, – აცხადებს თამარ გაბუნია.
მისი თქმით, აეროპორტში ეპიდომიოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ და აქცენტი კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოუსულ მოგზაურებზე.
„მაღალი რსიკის ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ჩინეთის ან ჩინეთის კონკრეტულ პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება. ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია, ექიმები 24-საათიან რეჟიმში არიან, ჩვენ ჩვენი მხრიდან დავახმართ კიდევ უკვე სხვა, გადაუდებელი დახმარების ექიმებს, ტრიაჟის ფუნქციის გააქტიურებისთვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, რეფერალისთვის, რათა დროულად მოხდეს გადამისართება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი განმარტებით, კორონავირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ეს არის ვირუსი, რომლის ამ შემთხვევაში, გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე, კონტაქტური გზით, იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები, აღწერილი არ არის. ამრიგად ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა, ამრიგად ამისი საშიშროება რა თქმა უდნა არ არსებობს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, უკვე 2 დღეა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და საინფორმაციო ბუკლეტით ხორციელდება მგზავრთა, განსაკუთრებით ჩინეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმირება.
„მათ სამ ენაზე ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტი – ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, სადაც მითითებულია რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე ვის უნდა მიმართონ თუ 2 კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.