დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთიდან ჩამოყვანილ საქართველოს 34 მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. თუმცა, სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, ისინი 2 კვირას კარანტინში გაატარებენ.
„ჩამოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ჩაუტარდა ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე კლინიცისტი ექიმების კონსულტაცია. არცერთს დღეს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც ახასიათებს კორონავირუსულ ინფექციას, მაგ. რესპირატორული ტრაქტის სინდრომები – სუნთქვის უკმარისობა, ხველა.
მიუხედავად ამისა, მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ მათ 2 კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინის 2-კვირიან პერიოდს საჩხერეში საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გაივლიან.
საჩხერის საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი მაია ხელაძე ამბობს, რომ ჩინეთიდან ჩამოყვანილთა შორის არიან 24 ქალი, 8 მამაკაცი და 2 ბავშვი.