„ჩვენ დღეს ავიარეისს ველოდებოდით ჩინეთიდან, მაგრამ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი რეისი გაუქმდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.
ჯანდაცვის სამინისტროს დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უწყება უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს.
ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით. ასევე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უწყებებს შორის, რომ მოხდეს პასუხისმგებლობების გადანაწილება.
„სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, არ აქვს მნიშნვნელობა პირდაპირი რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება თუ ტრანზიტულად, დღეიდან კი უკვე თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს. თუ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება მგზავრს, ჩაითვლება, რომ ეს არის კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მას აეროპორტშივე დახვდება, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შეაფასებს. ჩინეთიდან საქართველოს გავლით მიმავალ მგზავრებს კი ამ ეტაპზე სკრინინგი არ უტარდებათ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.