ჩინეთიდან პირდაპირი რეისები 29 მარტამდე შეწყდება

პუბლიკა

ჩინეთიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29 მარტამდე შეწყდება, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმას ეხება.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა შესაძლოა, გადაიხედოს ეპიდსიტუაციის რისკის გათვალისწინებით, სამინისტროს მითითების შესაბამისად.

განკარგულებაში საუბარია სხვადასხვა უწყების მიერ შესასრულებელ ღონისძიებებზე. მათ შორისაა შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებზე.

განკარგულებით, ეთხოვა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ოთხშაბათის მონაცემებით, ინფიცირების 1500-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 5 974-ია.