ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დავიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას

პუბლიკა

“ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს.

„ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და “ტაივანის დამოუკიდებლობის” სეპარატისტულმა ძალებმა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აზიური ტურნეს ფარგლებში დღეს ტაივანს ეწვია. გეგმისამებრ, ნენსი პელოსი ღამეს ტაიპეიში გაათევს და ხვალ ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტაივანში ვიზიტი გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.

„ჩვენი კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის ძლიერი დემოკრატიის მიმართ. ჩვენი ვიზიტი არის ჩვენი ფართო მოგზაურობის ნაწილი ინდო-წყნარ ოკეანეში – მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია. ვიზიტები მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას.”- ვკითხულობთ განცხადებაში.