ჩინეთის მუქარის მიუხედავად ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აზიური ტურნეს ფარგლებში დღეს ტაივანს ეწვია. გეგმისამებრ, ნენსი პელოსი ღამეს ტაიპეიში გაათევს და ხვალ ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტაივანში ვიზიტი გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.

„ჩვენი კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის ძლიერი დემოკრატიის მიმართ. ჩვენი ვიზიტი არის ჩვენი ფართო მოგზაურობის ნაწილი ინდო-წყნარ ოკეანეში – მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია. ვიზიტები მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას.”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ნენსი პელოსის ვიზიტს ჩინეთის მკვეთრი გაღიზიანება და ვაშინგტონთან ურთიერთობის გართულება მოჰყვა. ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნენსი პელოსის ვიზიტს სათანადო რეაგირება მოჰყვება და „ჩინეთის არმია არანაირად არ დარჩება გულგრილ დამკვირვებლად და აუცილებლად მიიღებს გადამწყვეტ და ეფექტურ ზომებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“.

ნენსი პელოსის ვიზიტის გამო, დღეს განსაკუთრებით გააქტიურდნენ როგორც ჩინეთის შეიარაღებული ძალები, ისე რეგიონში მყოფი ამერიკული არმიის ნაწილები. პელოსის უსაფრთხო ვიზიტისთვის ტაივანზე არმიის საბრძოლო მზადყოფნის დონე გაიზარდა, მზადყოფნაში მოიყვანეს სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

დღეს ინტერნეტში ვრცელდებოდა ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც, ჩინეთმა ტაივანის მეზობელ რეგიონში დიდი რაოდენობით სამხედრო შეიარაღებას მოუყარა თავი, მათ შორის, ჯავშანტექნიკასთან ერთად, სარაკეტო სისტემებიც იყო. ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავებმა კი ტაივანის საჰაერო სივრცესთან ახლოს დაიწყეს ფრენა.

ნენსი პელოსი შეერთებული შტატების საპარლამენტო შტოს ლიდერად მიიჩნევა და რანგით მესამეა აშშ-ის მმართველობის სტრუქტურაში. ასეთი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი წლებია, ტაივანში არ ჩასულა.