ჩინეთმა აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

პუბლიკა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა, „რადგან, მოსალოდნელია, რომ აშშ გახდეს პანდემიის შემდეგი გლობალური ეპიცენტრი“ ,- წერს Reuters. მათივე ინფორმაციით,  პრეზიდენტებს შორის საუბარი პარასკევს შედგა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, აშშ-მა ინფიცირებულთა რაოდენობით გაუსწრო ჩინეთს, საიდანაც ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა აშშ-ს შესთავაზა დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ პეკინსა და ვაშინგტონს შორის „ვერბალური ომი“ სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობდა, მათ შორის კორონავირუსის ინფექციაზეც.

ტრამპა და აშშ-ის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა კორონავირუსულ ინფექციასთან მიმართებაში ჩინეთი დაადანაშაულა, რომ ვირუსთან მიმართებაში რიგი საკითხები იყო არაგამჭვირვალე. ტრამპმა ასევე დაადანაშაულა ჩინეთი, რომ მათ დაგვიანებით გაავრცელეს ინფორმაცია ვირუსის შესახებ და დონალდ ტრამპმა ახალ კორონავირუსულ ინფექციას „ჩინური ვირუსიც“ კი უწოდა.

„ამაზე არავინ დავობს, რომ ვირუსი სწორედ ჩინეთიდან წამოვიდა“, – აცხადებდა ის.

პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სი ძინპინმა ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთი იყო ღია და გამჭვირვალე ეპიდემიის საკითხში.

საუბრის შემდეგ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჩინეთს დიდი გამოცდილება აქვს კორონავირუსთან ბრძოლაში.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. დიდი პატივისცემა მათ“.

ამ ეტაპზე აშშ-ში ინფიცირების 85,612 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 1,301, ხოლო გარდაცვლილია  1301 ადამიანი. ჩინეთში კი Covid 19-ით ინფიცირების 81,340 დადასტურებული შემთხვევაა.