ჩინეთში COVID-19-ით ერთ დღეში 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა - Bloomberg

პუბლიკა

ჩინეთში 20 დეკემბერს კორონავირუსით დაახლოებით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ Bloomberg ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე განაცხადეს, რომ 1-დან 20 დეკემბერამდე პერიოდში Covid-19-ით მოსახლეობის დაახლოებით 18%, 248 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. Bloomberg წერს, რომ ამის შესახებ მათ შეხვედრის მონაწილეებმა დაუდასტურეს.

ეს მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება ჩინეთში აქამდე დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებს, რადგან დღიური გავრცელების ყველაზე მაღალი ნიშნული, 2022 წლის იანვარში – 4 მილიონი იყო.

Bloomberg-ის ცნობით, ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეიძლება ჩინეთის ხელისუფლების მიერ „ნულოვანი პოლიტიკის“ და კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსსნას უკავშირდებოდეს. რის შედეგადაც ბუნებრივი დაბალი იმუნიტეტის მქონე მოსახლეობაში „ომიკრონის“ შტამი სწრაფად გავრცელდა. ვირუსი აქტიურად ვრცელდება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სიჩუანის პროვინციასა და დედაქალაქში, სადაც გამოცემის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაინფიცირდა.

თუმცა Bloomberg მიუთითებს, რომ არ არის ნათელი როგორ შეაგროვა მონაცემები ჩინეთის ხელისუფლებამ და რამდენად ასახავს ის რეალობას. ქვეყანაში ცოტა ხნის წინ გაუქმდა PCR ტესტის ლაბორატორიების ქსელი.