ჩინეთში ფორუმში მონაწილეობა ჩვეულებრივი ამბავია, უსაფუძვლოა სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ - დავითაშვილი

პუბლიკა

„ვფიქრობ, რომ ჩინეთში „სარტყლისა და გზის ფორუმი” მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, მონტაჟირებული და შექმნილი, ხელოვნური კადრებით თუ ინფორმაციით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან ჩინეთში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

დავითაშვილის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ფორუმი გაიმართა ზუსტად კომისიის პარალელურად და ჩვენ ,რა თქმა უნდა, მივიღეთ ფორუმშიც მონაწილეობა. საქართველო როგორც წელს, ისე წინა წლებშიც იყო მონაწილე ამ ფორუმში, რასაც, რა თქმა უნდა, გვქონდა მოწვევა და ამ შემთხვევაში მეც ვმონაწილეობდი ჩემს დელეგაციასთან ერთად. აქ გასაკვირი, მე ვფიქრობ, რომ არაფერია. 150 ქვეყნის წარმომადგენლობა იყო ამ ფორუმში, ფორუმს ესწრებოდა მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი, ასევე ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერი. 150 ქვეყანა წარმოდგენილი იყო მაღალ დონეზე, დიპლომატებითა და მთავრობის წევრებით.

ვფიქრობ, რომ ამ ფორუმში მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, მონტაჟირებული და შექმნილი, ხელოვნური კადრებით თუ ინფორმაციით, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან იმ ფორმატში მონაწილეობა, რა ფორმატშიც იყო საქართველო წინა წლებში წარმოდგენილი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი 17-18 ოქტომბერს ჩინეთში ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვასაც მოუსმინა. ინფორმაცია თავდაპირველად „ტაბულამ” გაავრცელა.

ჩინეთში „სარტყლისა და გზის ფორუმი” გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში შედგა ბანკეტიც.

17 ოქტომბერს გამართული ბანკეტის ვიდეოში ჩანს, რომ სტუმრები უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძიპინის სიტყვით გამოსვლას. სტუმრებს შორის არიან როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე ლევან დავითაშვილი, ასევე, საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია.

რუსეთის მხრიდან, ვლადიმირ პუტინის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი.

18 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე კი სიტყვით გამოვიდნენ როგორც სი ძიპინი, ისე ვლადიმირ პუტინი. ლევან დავითაშვილი და არჩილ კალანდია ორივე მათგანის გამოსვლას დაესწრნენ.