„რა სარგებლობა მოიტანა პუტინის მოსმენით?" — დეკანოიძე დავითაშვილს პარლამენტში იბარებს

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს ოპოზიცია, კონკრეტულად კი, ხატია დეკანოიძის პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები” პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

დეკანოიძის თქმით, დავითაშვილმა ჩინეთში პუტინთან ერთად ფორუმზე დასწრების შემდეგ ქართველ ხალხს უნდა უთხრას, რა სარგებლობა მოუტანა ქვეყანას, სახელმწიფოს და ხალხს ამ ფორუმზე მისმა ყოფნამ და პუტინისთვის მოსმენამ.

„გამოვიდეს დავითაშვილი და თქვას, სად არის ხალხის ინტერესი? უნდა დაისვას ბევრი კითხვა, რა სარგებლობა მოუტანა სახელმწიფოს, ხალხს დავითაშვილის დასწრებამ პუტინის გამოსვლაზე?” – თქვა დეკანოიძემ.

ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში გამართულ ბანკეტს დაესწრო, რომელიც „სარტყლისა და გზის ფორუმის” ფარგლებში გაიმართა. ბანკეტის სტუმარი იყო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც. გარდა ამისა, დავითაშვილი ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას დაესწრო და მოუსმინა მას.

მმართველი გუნდი საკითხის კომენტირებისას აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ლევან დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის პირადი კომუნიკაცია არ ყოფილა და ნებისმიერ კრიტიკას „პროვოკაციას” უწოდებს. კერძოდ, ასეთი შეფასება გააკეთეს შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს.

დღეს, 31 ოქტომბერს კახი კალაძემ თქვა:

„ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ნუ ეხლა, თუ ისეთი ადამიანი იღებს მონაწილეობას, რომელიც შეიძლება ჩვენთვის პრობლემა იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქათველომ უარი უნდა თქვას აღნიშნულ პროექტზე, რადგან აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რომ ქვეყანამ მეტი ბენეფიტი მიიღოს”.

იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ჟურნალისტებმა კითხეს, თავად როგორ მოიქცეოდა, რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს დატოვებდა, თუ არა დარბაზს, რაზეც ბრეგაძემ უპასუხა – „ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე მოვიქცეოდი ეტიკეტის შესაბამისად”.