ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ”, – განაცხადა მან.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილებას „უმნიშვნელოვანესი” უწოდა და თქვა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს, ამასთან, შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შარშან ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი პრაქტიკული შედეგია.