ჩიქობავა და ხასაია სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა

პუბლიკა

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. დღეს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა – შეცვლილიყო პატიმრობა 5000-5000ლარიანი გირაოთი.

გიორგი ხასაიამ აღნიშნა, რომ ვერ შეძლებენ ამ ოდენობის თანხის გადახდას, ამიტომ დაცვის მხარემ გირაოს 2000 ლარით განსაზღვრა მოითხოვა.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გირაოს სახით 3000-3000 ლარის გადახდა დააკისრა.

ჩიქობავა და ხასაია 23 იანვარს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს. მათ პროკურატურა აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებას ედავება. ხასაიასა და ჩიქობავას 25 იანვარს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე.

4 თებერვალს დღის 3 საათზე კი გაიმართება მარში – „შეჩერდეს გამოსახლებები!”.