„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. მისი თქმით, ბოლო კვლევის შედეგები დამაკმაყოფილებელია და პაციენტი კატეგორიულად მოითხოვს გაწერას.
„მზია ამაღლობელს ჩვენთან უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი, არსებული გაიდლაინის შესაბამისად. მიმდინარეობდა პროტოკოლის შესაბამისად კვების პროცესი, პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, უტარდებოდა ლაბორატორიული კვლევები და მიღებული ანალიზის შედეგების შესაბამისად ხდებოდა კვების რაციონის შერჩევა. პროცესი მიმდინარეობდა დამაკმაყოფილებლად, განსაკუთრებული გართულებების გარეშე. დღეს პაციენტი აცხადებს და მოითხოვს გაწერას კატეგორიულად. ბოლო ლაბორატორიული კვლევის მონაცემების შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ პარამეტრები გამოსწორებულია, შედეგები კვლევის დამაკმაყოფილებელია და მისი დაჟინებული მოთხოვნით, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს კლინიკას“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე „ფორმულასთან“.
ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ციხეში დაბრუნება.
ადვოკატი ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას „ვივამედში“ გადაყვანის დღიდან მოითხოვდა. ქათამაძის თქმით, ელიან, რომ დაკმაყოფილდება მზია ამაღლობელის მოთხოვნა, 4 მარტს ბათუმის სასამართლოში პროცესზე დასწრების შესახებ.
18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს მზია ამაღლობელმა თქვა, რომ ექიმების დახმარებით შეეცდებოდა კვების აღდგენას.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა 38-ე დღეს შეწყვიტა. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.