„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს, მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი.
„დაზარალებულის სტატუსი მას მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით”. – აცხადებს ორგანიზაცია.
საქმე ეხება 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაკავებას ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელების მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
„საია” მიუთითებს, რომ ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადაგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა.
„სწორედ ამის გამო მიიღო მან დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს არასათანადოდ მოეპყრა.
პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.
ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას”. – წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია ლაპარაკობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც მზია ამაღლობელს დაკავების დღესვე ჩაუტარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ და რომლის მიხედვითაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში ჰქონდა სისხლნაჟღენთები.
„ეს დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით”. – წერს „საია”.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ არსებობს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.
„საია” მიუთითებს, რომ არაერთხელ მიმართა პროკურატურას, მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა.
„თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად, ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია. ამ ფაქტზე, საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით, მიგვიღია შესაბამისი პასუხი”. – აცხადებს ორგანიზაცია.