ჩხაიძე ამაღლობელზე: კლინიკა მზად არის, ექიმები დაიწყებენ „რეფიდინგის“ პროცესს

პუბლიკა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სრულად გაითვალისწინა ექიმების რეკომენდაციები და ახარებთ ის ფაქტი, რომ მან შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ჩხაიძე ამბობს, რომ ამაღლობელი კლინიკაში რჩება და პროტოკოლის შესაბამისად ექიმები დაიწყებენ „რეფიდინგის“ პროცესს.

„მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, რომლებზეც ამ დღეებში იყო საუბარი, თუნდაც გუშინ გაკეთებული ჩვენი მიმართვა მისი კოლეგების მიმართ და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს, იმიტომ, რომ მთელი ეს დღეები ჩვენ ვცდილობდით, მიგვეღწია ამ შეთანხმებას. […]

ამ ხანგრძლივობის შიმშილობა დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან, 30 დღის შემდეგ, ყოველი დღე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. ის, რაც გვაქვს დღეს მოცემულობა ძალიან მისაღები და სასიხარულოა ჩვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდებოდა თუნდაც პრევენციას ე.წ. რეფიდინგ სინდრომის. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებული კვებისას, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც გამოიწვიოს შეიძლება სხვადასხვა ორგანოების უკმარისობები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყებთ, კლინიკა ამისთვის მზად არის, ექიმების გუნდი, რომლებიც დაიწყებენ ამ „რეფიდინგის“ პროცესს, „რეფიდინ“ პროტოკოლის შესაბამისად“, – ამბობს ჩხაიძე.

მისი განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე და რომ კლინიკა ყოველდღიურად დააკვირდება მზია ამაღლობელის მდგომარეობას.

დღეს კლინიკა „ვივამედთან“ გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი. შიმშილობის 38-ე დღეს ის ამბობს, რომ ექიმების დახმარებით შეეცდება, როგორმე დაიწყოს კვების აღდგენა და თემურ ქათამაძესაც სთხოვს, შეწყვიტოს შიმშილობა.