ჩხოროწყუში მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს | ოპოზიცია მერის გადადგომას მოითხოვს

პუბლიკა

ჩხოროწყუს მერიასთან ოპოზიციის წევრებს, მოქალაქეებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებას შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ადგილობრივი მთავრობის შენობასთან მისული ადამიანები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ. მათ მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ამბავზე სურდათ საუბარი, თუმცა პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.

„კარებს კეტავენ, არ გვიშვებენ საჯარო სამსახურში. ჩვენ პოლიციის უფროსთან გვქონდა შეთანხმება, რომ პანდემიის პირობების გათვალისწინებით, 5-7 აქტივისტი შევიდოდით და დავესწრებოდით საკრებულოს სხდომას. პირადად გვაინტერესებს, რამდენად არიან მარიონეტები და მონები გოგუასი“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის დროს ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს.

„მერიის შენობის კარები გაქვთ დაკეტილი დღის 12 საათზე. ასე გინდათ, რომ მოქალაქეებთან იურთიერთოთ?! სამარცხვინოა, რასაც აკეთებთ! სასწრაფოდ დაატოვებინეთ ნაირა ციმინდიას და მაკა ჯაფარიძეს თანამდებობები და მიჰყევით თქვენც! სირცხვილია!“, – მოუწოდეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეებმა.

მედიის ინფორმაციით, საბოლოოდ, საკრებულოს სხდომაზე შესვლა ორმა ოპოზიციონერმა შეძლო.

ჩხოროწყუს პოლიციაში II საჯარო სკოლის დირექტორისა და პედაგოგების გამოკითხვა მიმდინარეობს. „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას. მერის, დავით გოგუას თქმით, მომხდარს გამართლება არ აქვს და პასუხისმგებელი პირების დასადგენად გამოძიების დასრულებას ელოდება.

„დაწყებულია გამოძიება 150-ე მუხლით, ეს არის იძულების მუხლი, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს აღნიშნულ ფაქტს, ყველა უმკაცრესად დაისჯება ვისი ბრალეულობაც გამოვლინდება“, – ამბობს დავით გოგუა.


ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები „შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას რეგიონული მედია „ათინათი“ ავრცელებს.