ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩეს

პუბლიკა

ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად გამართული კენჭისყრა კიდევ ერთხელ დასრულდა უშედეგოდ. საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის საკმარისი ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

კენჭისყრის შედეგად პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შოთა წურწუმიამ – 12, ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

ჩხოროწყუს საკრებულოში სულ 27 წევრია. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 14 ხმაა საჭირო. საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 12 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას „საქართველოსთვის“ – 7-7 წევრი, ერთი წევრი კი „ლელოდან“ არის.

კენჭისყრის შემდეგ შოთა წურწუმიამ განაცხადა, რომ გაბათილებულ ბიულეტენში ორივე კანდიდატი იყო შემოხაზული. ხოლო მისი კანდიდატურის ჩავარდნაში სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები დაადანაშაულა. წურწუმიამ თანაპარტიელების მიერ „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერა გამორიცხა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად არ მოქმედებს იმისთვის, რომ საკრებულო გახდეს ოპოზიციური.