„კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება არ არის ბოლომდე გამსჭვალული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული სულისკვეთებით და იგი უმეტესწილად ტექნიკურად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩხრეკის სტანდარტის შესახებ საპროცესო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს.
2021 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების – საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღსრულებას და აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.
კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
კანონპროექტით კოდექსს ემატება მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც აწესრიგებს კონფიდენტის/ინფორმანტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების საკითხს. ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ამგვარი მტკიცებულება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება არამხოლოდ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებით თუ შედგენილი ოქმით, არამედ სხვა მტკიცებულებებით. ჩანაწერში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ წესის გამოყენება არ ხდება მაშინ, როდესაც მტკიცებულებების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია…
საიას შეფასებით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება არ არის ბოლომდე განმსჭვალული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული სულისკვეთებით და იგი უმეტესწილად ტექნიკურად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„შემოთავაზებული კანონპროექტით არ არის დაკონკრეტებული რა შეიძლება მიჩნეული იყოს „სხვა მტკიცებულებებად“, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მკაფიოდ უთითებს ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობაზე და ამასთანავე საუბრობს თუ რა შეიძლება იყოს ამგვარი მტკიცებულება – ერთის მხრივ ნეიტრალური მოწმის დასწრება, მეორეს მხრივ ვიდეოგადაღება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მარტივად შესასრულებელია.
კანონპროექტით განსაზღვრული ჩანაწერი, რომელშიც საუბარია წესისგან საგამონაკლისო შემთხვევაზე („აღნიშნული წესი არ გამოიყენება, როცა სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია“) არის ზოგადი და ტოვებს ჩანაწერის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მითუფრო, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩხრეკა/ამოღება ტარდება საგამონაკლისო წესით, რაც გულისხმობს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩხრეკა/ამოღების ჩატარებას. ამასთანავე სუსტია ასეთი შუამდგომლობებისას სასამართლო კონტროლი…
ჩხრეკა/ამოღების ოქმი მიუხედავად იმისა წარმოადგენს თუ არა ობიექტური საფუძვლებით გამყარებულ ინფორმაციას, კანონიერი მტკიცებულების სახით ხვდება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და ხშირად რიგი კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ძირითად საფუძველსაც კი წარმოადგენს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ არსებული სტრუქტურული და სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად წარმოდგენილი კანონის პროექტი გახდეს უფრო მეტად კონკრეტული, შექმნას ბრალდებულთათვის მეტი უფლებრივი გარანტიები, აღჭურვოს სამართალდამცავი უწყებები „ნეიტრალური მტკიცებულების“ მოპოვების, მათ შორის ვიდეო-გადაღების რეალური შესაძლებლობებით”, – წერს საია.
კანონპროექტის ინიციატორები არიან „ქართული ოცნების” დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ამილახვარი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო იობაშვილი.