ჩხრეკის სტანდარტის შესახებ კანონპროექტი უგულებელყოფს საკონსტიტუციოს მსჯელობას - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს. პროექტი მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საპროცესო კანონმდებლობის მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტთან შესაბამისობას.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლს ემატება მე-3 ნაწილი, რომელიც აზუსტებს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს. ინიცირებული რედაქციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი პირის მფლობელობაში ყოფნა პოლიციელის ჩვენებისა და ჩხრეკის ოქმის გარდა, დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. ეს წესი არ გამოიყენება, თუ სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, კანონპროექტით შემოთავაზებული მოწესრიგება ფრაგმენტულია და სრულად უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას ჩხრეკის შედეგად მტკიცებულებათა მოპოვების სისტემის დახვეწის საჭიროებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ამბობს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტის გავრცელება მხოლოდ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ „უკანონო ნივთთან“ მიმართებით გამოიწვევს ჩხრეკის ჩატარების ორმაგი სტანდარტის განვითარებას, რაც დამაზიანებელი იქნება სისხლის სამართლის პროცესში პირის უფლებების სისტემური დაცვის თვალსაზრისით.

ამასთან, მათივე თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული ზოგადი დათქმები გამამტყუნებელი განაჩენის „სხვა მტკიცებულებებით“ გამყარებასა და მტკიცებულებათა მოპოვების „ობიექტურ შეუძლებლობასთან“ დაკავშირებით, წარმოშობს ნორმის თვითნებური განმარტების რისკებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილება კანონმდებელს ავალდებულებს ჩხრეკის შედეგად მტკიცებულებათა მოპოვების ისეთი სისტემის დანერგვას, რომელიც ჩხრეკის პროცესის და მის შედეგად მიღებული ინფორმაციის სანდოობას უზრუნველყოფს ნეიტრალური მტკიცებულებით. აღნიშნულზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ამ ნაწილში, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე გადაავადა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარების ეფექტური უზრუნველყოფა მოითხოვდა მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების შემუშავებასა და, რიგ შემთხვევაში, სამართალდამცავთა ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას, რის გამოც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცა დრო სისტემური ცვლილებების გასატარებლად. 

სამწუხაროდ, კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქცია ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს არ გადაუდგამს რეალური ნაბიჯები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა და მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტის გასაუმჯობესებლად”, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტით შემოთავაზებული რედაქცია ვერ უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული სისტემური პრობლემების აღმოფხვრას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ( ყოფილი EMC) შეფასებით, იმისთვის, რომ რეალურად გაუმჯობესდეს სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობა და პროცესუალური გარანტიები, აუცილებელია:

  • კანონით პირდაპირ განისაზღვროს სამართალდამცავთა ვალდებულება ჩხრეკის/ამოღებისას კანონიერების გამყარებაზე ნეიტრალური მტკიცებულებებით. ამასთან, ეს ვალდებულება უნდა გავრცელდეს ერთიანი სტანდარტით როგორც უკანონო, ისე კანონიერ ნივთთან მიმართებით.
  • დეტალურად გაიწეროს ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებები და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა”, – წერს ორგანიზაცია.