ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთში პრორუსი სომეხი მაგნატის, სამველ კარაპეტიანის საარჩევნო ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალიკ ალექსანიანი ფულის გათეთრებისა და ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდების თანახმად, ალექსანანიანი ქრთამს აძლევდა ხალხს, რათა მათ „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერ მიტინგებში მიეღოთ მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ალექსანიანი ალიანსის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა არ არის საარჩევნო სიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ის პარტიული სიიდან იმის გამო ამოიღეს, რომ სომხეთში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დეპუტატობა ეკრძალებათ.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ალექსანიანი იყენებდა სამველ კარაპეტიანთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება ჩვენს გზაზე“, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, რათა 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის მაისამდე კარაპეტიანთან და „ძლიერ სომხეთთან“ დაკავშირებული მიტინგებისთვის „მონაწილეები დაექირავებინა“.
გამოძიების მტკიცებით, სქემის თანახმად, მოქალაქეები ჩვეულებრივად იყვნენ დასაქმებულები. ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსანიანმა ორგანიზაციის რეგიონული ფილიალების მეშვეობით, მთელი სომხეთის მასშტაბით, დაახლოებით 1400 ადამიანი დაიქირავა.
2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის მარტამდე ორგანიზაციამ კარაპეტიანთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან, მათ შორის საქველმოქმედო ფონდ „ტაშირიდან“ სავარაუდოდ 1.6 მილიარდი დრამი (4.4 მილიონი დოლარი), 230,000 ევრო (260,000 დოლარი) და 75,000 დოლარი მიიღო.
გამოძიების თანახმად, ეს სახსრები, რომლებიც „შემოწირულობებისა“ და „სესხების“ სახით გადაირიცხა, დანაშაულებრივი საქმიანობით იყო მიღებული.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, „იმავე პერიოდში, ლეგალური საქმიანობის საბაბით კრიმინალური წარმოშობის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის ლეგალიზაციის მიზნით“, ალექსანიანი თანამშრომლებს ხელფასებსა და მომსახურების საფასურს უხდიდა, პარალელურად კი მატერიალურად ახალისებდა მათ დემონსტრაციებსა და მიტინგებში მონაწილეობის მისაღებად.
ხელისუფლება ასევე ამტკიცებს, რომ ბევრი თანამშრომელი საერთოდ არ ასრულებდა რაიმე სამუშაოს ან არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს მხოლოდ პერიოდულად სტუმრობდა და არც კი „ესმოდათ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მათი ფუნქციების არსი და მიზანი“.
გამოძიების თანახმად, მოგვიანებით ალექსანიანმა თანამშრომლები დაითხოვა და მათი ხელფასებისთვის, ჯამში, 763 მილიონ დრამზე მეტი (2.1 მილიონი დოლარი) გამოყო. საქმის ფარგლებში გამომძიებლებმა დაახლოებით 500 ადამიანი დაკითხეს.
ალიკ ალექსანიანი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს.
სომხეთის ხელისუფლებამ ბოლო თვეებში ათობით გამოძიება დაიწყო ხმების სავარაუდო მოსყიდვის, საარჩევნო კამპანიის დროს აკრძალული საქველმოქმედო საქმიანობისა და კარაპეტიანთან და მის პოლიტიკურ ბლოკთან დაკავშირებულ მიტინგებში მონაწილეობისთვის ხალხისთვის ფულის გადახდის ფაქტებზე.
„ისინი მორიგ სისულელეს, მორიგ უკანონო ქმედებას სჩადიან. ჩვენს გუნდში არ არის არცერთი ადამიანი, ვინც საერთოდ იცის, როგორ უნდა გაათეთროს ფული“, – განაცხადა კარაპეტიანმა ალიკ ალექსანიანის დაკავების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავად კარაპეტიანს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი 2025 წლის ივლისში წარუდგინეს. ამ დროს მას უკვე ჰქონდა ბრალი წარდგენილი სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებების მუხლებით. კარაპეტიანს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.
დაკავებამდე ჩაწერილ და შემდგომ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ალიკ ალექსანიანმა განაცხადა, რომ ეს საქმე ხელისუფლების „შიშის, სისუსტისა და უსუსურობის“ შედეგია.
ამავდროულად, სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა ხმების მოსყიდვის რამდენიმე გამოძიების შესახებ, რომლებიც ეხება „ძლიერ სომხეთთან“, „აყვავებულ სომხეთსა“ და ალიანს „სომხეთთან“ დაკავშირებულ პირებს – სამივე საარჩევნო ბლოკი ოპოზიციურია.
გამოკითხვების თანახმად, მოახლოებულ არჩევნებში კარაპეტიანის ალიანსი მმართველი გუნდის, „სამოქალაქო შეთანხმების“ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.
2026 წლის აპრილის ბოლოს სამველ კარაპეტიანის ალიანს „ძლიერი სომხეთის“ კიდევ ერთი ლიდერი, არტურ ავანესიანი დააკავეს საარჩევნო ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატი არ არის, „ძლიერი სომხეთი“ ავანესიანს უსაფრთხოების გუნდის ხელმძღვანელს უწოდებს, რომელიც პასუხისმგებელია პარტიის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვაზე.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.