„არტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშიამ პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს იარაღი, რომელიც კანონიერად აქვს გაფორმებული.
„ამოიღეს იარაღი, გაფრომებული კანონიერად, რომელიც ყველას შეგვიძლია რომ გვქონდეს, წაიღეს ტელეფონი და წაიღეს რაციები, კითხვები ჰქონდათ რამდენიმე ვიდეოზე, სადაც მე ვჩანვარ, შინაარსი, ერთადერთი თემა იყო ის რომ ამ ვიდეოში სადაც მე მოვუწოდებ რომ 500-600 კაცი გამოვეყოთ ეს მეინსტრიმული მედიები ატრიალებენ მხოლოდ ამ მონაკვეთს, ეს ვიდეო მთლიანობაში სულ სხვა შინაარსისაა“ განაცხადა მორგოშიამ.
ულტრამემარჯვენე პლატფორმის „ალტ-ინფოს” დამფუძნებლების სახლები სამართალდამცველებმა დილით გაჩხრიკეს. ჩხრეკა მოეწყო ასევე მამა-შვილ ფალავანდიშვილებისა და „ალტ-ინფოს” კიდევ ერთი დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას სახლში. „ალტ-ინფოს” ინფორმაციით, გამოკითხვაზე, სულ, 17 პირია გადაყვანილი.
ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობრივი თავდასხმების გამო არ შედგა.
მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტიზა.