ჩხუბში მონაწილეობის მიღება არ გვინდა, იძულებულები ვართ, მხოლოდ ჩვენი საქმით დავკავდეთ - მეგრელიშვილი

პუბლიკა

„დღეს უცნაური იქნებოდა, მე რაღაც სხვა საკითხზე მელაპარაკა, რომელიც შეიძლება, უფრო მაინტერესებს, მაგრამ უნდა გითხრათ ჩემი დამოკიდებულების შესახებ მიმდინარე მოვლენებზე და რას ვგეგმავ, რომ მერე თვალში შემოხედვა შემეძლოს თქვენთვის როგორც ერთისთვის, ისე მეორე მხარისთვის“, – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარტია „გირჩიდან“, ვახო მეგრელიშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

მეგრელიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა დასრულდეს ის კრიზისი, რომელიც პარტიებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორისაა.

„თუ გახსოვთ, შარლ მიშელის ამბები რომ იყო, გამოვედი და ვთქვი, რომ ვერაფერი ვერ გავიგე-მეთქი იმ შეთანხმებების დროს და ძალიან ბევრი დამცინეს მაშინ – რაღაც მიმები და რაღაცები კეთდებოდა და ახლაც, მართალი გითხრათ არ მესმის, აი, როგორ უნდა დამთავრდეს ის კრიზისი, რომელიც თქვენს, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არის გამართული და იმიტომ არ მესმის, რომ ბევრი რამ ჩემთვის უცნობია“, – აღნიშნა „გირჩის“ ლიდერმა.

მეგრელიშვილის სიტყვებით, იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხზე მას ბევრი „თეთრი ლაქა აქვს, დრო გავა და გამოჩნდება ყველაფერი“.

„ამიტომ, ვიდრე ეს გაურკვეველი სიტუაციაა, ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია, ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია იქნება, რომ ორივე მხარეს მოგვცეთ რაღაცნაირი შესაძლებლობა ჩვენთან თანამშრომლობის, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე აგერ მეგობრებს – გვერდით არიან, ბევრი დრო აქვთ, დავსხდებით, დაველაპარაკებთ. ხოდა, დავკონცენტრირდებით მხოლოდ საკუთარ თავზე.

მოკლედ, ამ ჩხუბში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვინდა, იმიტომ, რომ არ გვესმის ამ ჩხუბის შინაარსი და ძალიან ბევრი დეტალი. არის ორი მოსაზრება – იაგოსი და სანდროსი. მე სადღაც შუაში ვარ. ჩამოყალიბებული არ ვარ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა გვაქვს, იძულებულები ვართ, რომ მხოლოდ ჩვენი საქმით დავკავდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.