ჩნდება კითხვა საერთოდ რატომ შეცვალეს ჩვენება, რატომ დაიმძიმეს მდგომარეობა ექიმებმა | ადვოკატი

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმებს ..-ს, .ი-სა და ექთანს ..-ს ბრალი წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ექიმი .ი-ს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, .ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურის განცხადება ტელეკომპანია „პირველთან“ მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა შეაფასა. მისი თქმით, ადვოკატებს საქმის მასალები სრულად გადაეცათ შაბათს.

მისივე შეფასებით, მასალებიდან ჩანს ჩვენებებს შორის განსხვავებები, თუმცა ჩანს ისიც, რომ სხვადასხვა ეტაპზე კლინიკის პერსონალის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები „ჰარმონიზებულია“.

„აუცილებელია, კარგად გვესმოდეს, რომ მოწმეების ჩვენებების პირველი კასკადი იყო ჰარმონიზებული. მეორე კასკადიც ჩვენებების, სადაც საუბარია, რომ ვიოლეტა ინასარიძე არ იმყოფებოდა ადგილზე, ესეც ჰარმონიზებულია. მესამე ნაკადი ჩვენებების, სადაც საუბარია, რომ ადრენალინის ინექცია არ გაუკეთდა, აქაც ჩვენებები ჰარმონიზებულია ერთმანეთთან.

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ მესამე ჩვენებას, სადაც ვიოლეტა და სხვები აცხადებენ, რომ მაშინვე ადრენალინი არ გაუკეთდა მეგის, ამის თქმაs მოწმეებს არავინ აიძულებდა.“ – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ექიმებს საერთოდ რომ არ დაეფიქსირებინათ ის ფაქტი, რომ პირველი ინექცია არ გაუკეთდა ადრენალინის, ამ ფაქტის აღმოჩენა და დადასტურება ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან 18 მარტს ადრენალინი ბევრჯერ გაკეთდა და საბოლოო ჯამში სისხლის ანალიზში აუცილებლად დაფიქსირდებოდა ადრენალინის შემადგენლობა.

„ექიმებს საერთოდ რომ არ დაეფიქსირებინათ ის ფაქტი, რომ პირველი ინექცია არ გაუკეთდა ადრენალინის, ამ ფაქტის აღმოჩენა და დადასტურება ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა. ეს აჩენს კითხვას – საერთოდ რატომ გააკეთეს ეს აღიარება, რატომ შეცვალეს ჩვენება, რატომ დაიმძიმეს მდგომარეობა ექიმებმა?“ – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე შეფასებით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოწმეები ცრუ ჩვენებას აძლევენ გამოძიებას, რაც მოწმეების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა ამბობს, რომ სამხარაულის დასკვნამდე საუბარი რთულია და ვიდრე არ გვექნება დასკვნა გარდაცვალების მიზეზის შესახებ, რთულია იმის თქმა, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ადრენალინის დროულ ინექციას.

ახალციხეში 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. 19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.