ჩოხატაურის მერიაში მხარის გუბერნატორის და მუნიციპალიტეტის მერის მონაწილეობით ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა. შედგა შეთანხმება და ორივე თემი “გააგრძელებს ლოცვას და ფუნქციონირებას.”
“თანასოფლებები შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც ჩვეულებრივად გააგრძელებს ლოცვას და ფუნქციონირებას. არავის არ შეეშლება ხელი. ეს სეკულარული სახელმწიფოა. ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფოა და აქედან გამომდინარე თანასოფლებები ზედმეტი ჩარევების გარეშე თანაცხოვრებას გააგრძელებენ.” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ.
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი შეთანხმების მიღწევაზე ინფორმაციას არ ადასტურებენ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმი თემის წარმომადგენლების თქმით არავითარი შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა, ვინაიდან ეს საკითხი მხოლოდ სოფელ ბუკნარით არ შემოიფარგლება და მუსლიმ თემს პრობლემები აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბუკნარის მკვიდრის, მუსლიმი თემის წარმომადგენელის ბესიკ პაიჭაძის კომენტარს ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც.
„რა თქმა უნდა, შეთანხმება შედგა. ჩვენ ძმურად ვცხოვრობდით და ასე გავაგრძელებთ, მერთან ერთად ხუთ-ხუთი კაცი ჩამოვივლით მთელ სოფელს და შევარიგებთ, ამის პრობლემა არ იქნება. რა თქმა უნდა, სამლოცველო იქნება. არ ყოფილა აქ საუბარი მეჩეთის გაფართოებაზე, არც მშენებლობაზე, ჩვენ გვყოფნის ის, რაც გვაქვს. გვინდა გარემონტება და გავარემონტებთ“. – ამბობს ბესიკ პაიჭაძე.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.
12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით, საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებზე საუბრობენ და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ასევე, მათი აზრით, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, როგორ იქნას დაცული მუსლიმი თემის რელიგიური თავისუფლება, მეორე მხრივ ადგილობრივებს შორის მშვიდობის შენარჩუნება.