ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ენმ

პუბლიკა

გურიაში, ჩოხატაურში რამდენიმე პირმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით მჟავანაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, მათ თავს მაშინ დაესხნენ, როცა ქალაქში ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ.

„ნოდარ დუმბაძის სკვერს ჰყიდიან ჩიგოგიძის წარმომადგენლები მათი პირადი ინტერესებით. ვარიგებდით ფლაერებს, სადაც გამოსახულია ის, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერს ჰყიდიან ეს ადამიანები – ჩიგოგიძე, ბატონი მერი ჩოხატაურის და საკრებულოს თავმჯდომარე.

აი, ამ ფლაერების დასარიგებლად, მოსახლეობასთან შესახვედრად ვიყავით ჩამოსულები და მანქანიდან როგორც კი ჩამოვედით, დაორგანიზებული ჯგუფი კრიმინალები, ზონდერების დაგვხვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს. იმის მიუხედავად, რომ პოლიცია გამოიძახეს, ვერ დაამაგრეს ეს ადამიანები“, – თქვა „მთავარ არხთან“ პარტიის წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს 20-მდე ადამიანი დაესხა.

შსს-ს განცხადებით, ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.