ჩოლოიანის ჩათვლით 3 ადამიანი მონაწილეობდა გამოკითხვაში – ლუკას ოჯახი ძალადობაში მონაწილე პოლიცილების დაკავებას მოითხოვს

პუბლიკა

დღეს პრესკლუბ „მთავარში“ 17 დეკემბერს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმამ საიას ადვოკატთან რეზო აჭარაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა.

ბექა სირაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიხსნა 10-11 დეკემბერს დიღმის პოლიციის განყოფილებაში ძმის გამოკითხვის დეტალები; ისაუბრა გამოძიების მსვლელობაზე და განაცხადა, რომ დედის მონაყოლის მიხედვით, მარიამ ჩოლოიანის ჩათვლით 3 ადამიანი (პოლიციის განყოფილების თანამშრომლები) ძალადობდა მის ძმაზე.

რა მოხდა დიღმის განყოფილებაში 10-11 დეკემბერს

ბექა სირაძის თქმით, 10 დეკემბერს, დილით დედას დაუკავშირდნენ საგამოძიებო უწყებიდან და ლუკასთან ერთად განყოფილებაში დაიბარეს. მისივე თქმით, ოჯახმა ფაქტი, რომ ლუკა ეჭვმიტანილი იყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვაში, უწყებიდან გაიგო და სკოლა ოჯახს არ დაკავშირებია.

მისივე თქმით, დედა მას განყოფილებიდან დაუკავშირდა და უთხრა, რომ იქ ლუკასთან ერთად იმყოფებოდა.

„10 დეკემბერს დამირეკა დედამ, საღამოს და მითხრა, რომ განყოფილებაში იმყოფებოდნენ იმ ბრალდებით, რომ ლუკამ მოხატა სკოლის კედლები. ჩემს ძმასაც ველაპარაკე და მითხრა, რომ ის არ იყო დამნაშავე“, –ამბობს ბექა სირაძე.

ბექა სირაძის ინფორმაციით, გამოკითხვას, რომელიც 4-5 საათი გაგრძელდა, ძირითადად, ესწრებოდა დედაც; მას მხოლოდ 15-20 წუთით მოუწია განყოფილებიდან გასვლა – პოლიციის განყოფილების თანამშრომელთან ერთად წავიდა სახლში ლუკას ერთ-ერთი მასწავლებლის ნომრის მოსატანად, რა დროსაც ლუკა მარტო დარჩა პოლიციის განყოფილებაში.

ბექა სირაძის თქმით, როგორც დედა ჰყვება, დაკითხვა თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს – გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი გადაჭრით, მტკიცებით ფორმაში ეუბნებოდა ლუკას, რომ მათ ზუსტად იცოდნენ ლუკა რომ იყო კედლების მოხატვაში დამნაშავე, ჩანდა კამერებში და უნდა ეღიარებინა დანაშაული.

ბექა სირაძის თქმით, დედამ ითხოვა, რომ მისთვის ეჩვენებინათ ჩანაწერები; უთხრა გამომძიებელს, რომ მას შეეძლო თავისი შვილის ამოცნობა, თუმცა გამომძიებელმა განუცხადა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. დედა ასევე ამბობდა, რომ თუ დანაშაული მისმა შვილმა ჩაიდინა, მზად იყო, ზიანი აენაზღაურებინა.

„დაკითხვა დედასთან ერთად დაიწყო. თავიდანვე აგრესიული ფონი იყო, მუქარა; ეუბნებოდნენ, რომ ჩანდა კამერებში, თუმცა დედამ ითხოვა, რომ ნახავდა და თუ ამოიცნობდა თავის შვილს, ზარალის ანაზღაურებაზე პრობლემა არ იქნებოდა. უთხრეს, რომ ჩვენების უფლება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ იყო  ყვირილი, მუქარა – აღიარე, თორემ შენს ძმას პრობლემებს შევუქმნით სასწავლებელში. ემუქრებოდნენ – დაგიჭერთ, შენნაირი აქ ათასი მოსულა, ჩაგაყუდებთ.“ – ჰყვება ბექა სირაძე.

ბექა სირაძის თქმით, გამოკითხვა 4 საათი გაგრძელდა. რადგან ლუკა არ აღიარებდა დანაშაულს, ამაზე, როგორც ჩანს, გაღიზიანდა გამომძიებელი, უყვიროდა ლუკას და ლუკაც ხმამაღლა პასუხობდა, რომ დამნაშავე არ იყო.

„ჩემი ძმაც ხმამაღალი ტონით საუბრობდა და ისიც [ჩოლოიანი] აგრძელებდა მუქარას. დაიძაბნენ. ამ პერიოდში, როცა ხმაური მიდიოდა, იქ ერთმა პოლიციელმა, რომელიც იჯდა განყოფილებაში, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ჩემი ძმა. დედის თვალწინ ხდებოდა ეს. მერე ვიღაც პირმა შეიყვანა კაბინეტში. იქ დაახლოებით 5 წუთი გაჩერდა. იქიდან ტირილით გამოვიდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა. გამომძიებელმა უპასუხა, როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გამოვიძახებ სასწრაფო დახმარებასო. გამოსვლის შემდეგ დედამ ჰკითხა, კაბინეტში რა მოხდაო და უპასუხა, „კაპეზეთი“ დამემუქრაო. კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო აღიარება“, – ამბობს ბექა სირაძე და ვარაუდობს, რომ ლუკას მხოლოდ „კაპეზეთი“ არ დამუქრებიან კაბინეტში ყოფნის დროს, რადგან ასეთი შინაარსის მუქარა მანამდეც მოისმინა გამომძიებლისგან.

ბექა სირაძის თქმით, პირველ რიგში მუქარას იწყებდა მარიანა ჩოლოიანი. ის იყო პირველი, ვინც ემუქრებოდა ლუკას. ეუბნებოდა, რომ პრობლემებს შეუქმნიდნენ ბექას სასწავლებელში.

„დედამ მითხრა, რომ ემუქრებოდა ჩოლოიანი, პირი, რომელიც იჯდა იქ და გაბრაზებულმა უყვირა ლუკას და მესამე პირი, ვინც კაბინეტიდან გამოვიდა და რამდენიმე წუთით შეიყვანა ოთახში ლუკა მარტო. უფროსი იყო თუ უბრალოდ თანამშრომელიც, ვინც კაბინეტიდან გამოვიდა, არ ვიცი“, – ამბობს ბექა სირაძე.

ბექა სირაძე ასევე ადასტურებს განყოფილებაში არასრულწლოვანთა დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, იმ დროს დედაც განყოფილებაში იყო, როცა მიიყვანეს ლუკას თანაკლასელი გოგონა, რომელიც ჩოლოიანმა დააპირისპირა ლუკას. თანაკლესელი გოგო ამბობდა, რომ არ იცოდა, ვინ მოხატა კედლები და ხელს ვერავის დაადებდა.

„ეს მოხდა 10 დეკემებრს, დაკითხვის პირველ დღეს. პირისპირ დასვეს, არასრულწლოვანთა მშობლებიც იქ იყვნენ. ამ გოგონას ეუბნებოდნენ, ხო ნამდვილად ლუკა იყოო და, როგორც მე ვიცი, ის ბავშვი ამბობდა, არ ვიცი, არ მინახავს და როგორ გიპასუხოთო“, – ამბობს ბექა სირაძე.

ჟურნალისტებმა  ე.წ. სქრინშოთებზეც ჰკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლამ პოლიციის გამოძახებამდე სკოლაში ჯგუფურად გამოჰკითხა ლუკას ყოფილი თანაკლასელები და ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა დახურულ ჯგუფში არსებული მიმოწერის შესახებ ინფორმაცია. შეკითხვაზე ე.წ. სქრინშოთები ლუკას ტელეფონიდან ხომ არ ამოუღიათ, ბექა სირაძემ უპასუხა:

„ლუკას ტელეფონიდან ვერ ამოიღებდნენ – სმარტფონი არ ჰქონდა. ფანრიანი „ნოკია“ ჰქონდა ჩემს ძმას. „სქრინშოთები“ სკოლის ბავშვებს გამოართვეს. როგორ და რანაირად ამოიღეს, ეს არ ვიცი“, – ამბობს ბექა სირაძე.

ბექა სირაძის თქმით, ეს „სქრინშოთები“ ხელჩასაჭიდი რომ  ყოფილიყო, 4-საათიანი გამოკითხვა და მუქარა საჭირო არ გახდებოდა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ ლუკამ აღიარება დაიწყო, გამოკითხვა 10 დეკემბერს არ დაუსრულებიათ და ლუკა დედასთან ერთად 11 დეკემბერს 11 საათზე დაიბარეს განყოფილებაში.

„იმ დღეს არ დაასრულეს გამოკითხვა. მეორე დღეს 11-ზე დაიბარეს. დედამ, რადგან ექიმთან უნდა მისულიყო, სთხოვა, თუ შეიძლება, გვიან მოვალო, რაზეც უარი უთხრეს. ამის გამო დედამ ჩათვალა, რომ ჯობდა, ადრე მისულიყვნენ და მიიყვანა 10 საათზე. ალბათ, ამაზე იძახიან, რომ მშობელმა თავისი ნებით მიიყვანა განყოფილებაშიო. თავიდან, როგორც ვიცი, თითქოს ისევ აპირებდა, ეთქვა, რომ ის იყო, მაგრამ მერე ისევ უარყო. ყვირილი, ჩხუბი გაგრძელდა. ვერ დაუმტკიცეს, ის იყო თუ არა, კამერებში შეუძლებელია, ვინმე ამოიცნო“, – ამბობს ბექა სირაძე.

განყოფილების დატოვების შემდეგ სახლში დაბრუნდნენ. ლუკამ განერვიულებულმა დატოვა სახლი, რის შემდეგაც დედამ გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს დაურეკა და შვილის მოძებნაში დახმარება სთხოვა. ბექა სირაძის თქმით, ჩოლოიანმა უთხრა, შენი შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოძებნოსო.

ბექა სირაძეს „მწვანე სკოლიდან“ ლუკას გადაყვანის მიზეზიც ჰკითხეს. მისი თქმით, სკოლიდან ლუკა გადასახადის გამო გადაიყვანეს, თუმცა სკოლასთან მიმართებით მის ძმას არასოდეს ჰქონია პრობლემა, არავინ ავიწროებდა და არც სკოლას მოუთხოვია ოჯახისთვის გადაუხდელობის გამო მისი სხვა სკოლაში გადაყვანა. სკოლის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ოჯახმა მიიღო.

„სკოლიდან გადავიყვანეთ იმ მიზეზით, რომ სკოლაში იყო გადასახადი. ამაზე პრობლემა არ შექმნილა, არავის შეუვიწროებია ჩემი ძმა ან ოჯახი, რომ ვერ იხდი და წაიყვანე ბავშვი აქედან. უბრალოდ, დედამ გადაწყვიტა, გადაეყვანა სხვა სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში არავის შეუვიწროებია და ვერავის ვერაფერს დავაბრალებ“, – ამბობს ბექა სირაძე.

როგორ მიმდინარეობს გამოძიება

ბექა სირაძის თქმით, ოჯახი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ენდობა, თუმცა მიაჩნია, რომ ბრალდებულთა წრე უნდა გაიზარდოს. ამბობს, რომ დედა ახალ ჩვენებას ჯერ ვერ აძლევს გამოძიებას, რადგან მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, დედა ჩანაწერების ნახვის შემდეგ, სავარაუდოდ, აღიდგენს იმ ორი პოლიციის სახესაც, ვინც მონაწილეობდა გამოკითხვაში და იძალადა ლუკაზე.

რეზო აჭარაძის თქმით, დედის მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა შეძლებენ, ნახავენ განყოფილებიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერს.

მისივე თქმით, გამოკითხულია 100-მდე ადამიანი. გამოძიება გრძელდება.

რეზო აჭარაძეს შეკითხვა სკოლასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, კერძოდ, როგორ შეძლო სკოლამ პოლიციის პროცესში ჩარევამდე სავარაუდო დამნაშავის იდენტფიცირება და გამოკითხა თუ არა სხვა მოსაწავლეები. მოიპოვა თუ არა დახურული ჯგუფიდან „სქრინები“ და თუ კი, როგორ?

რეზო აჭარაძემ უპუსუხა, რომ საქმეში დევს როგორც არასრულწლოვანთა, ისე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ჩვენებები, რომელიც საპირისპიროა და ჭეშმარიტების დასადგენად საჭიროა სკოლიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერების ნახვა, რომლებზეც, სავარაუდოდ, უნდა გამოჩნდეს, გამოკითხა თუ არა პატრულის გამოძახებამდე სკოლამ არასრულწლოვნები ჯგუფურად.

„გამოძიების მასალებიდან, რომელსაც 18 დეკემბერს გავეცანით,  სკოლამ იცოდა, რომ ლუკას მიერ იყო განხორციელებული ეს. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ რამდენიმე არასრულწლოვანი ჰყავდა დაბარებული დირექციას და იქნა ამოღებული მტკიცებულებები ინფორმაციისთვის, რომ, სავარაუდოდ, ლუკას მიერ იქნა განხორციელებული. არც ერთი არასრულწლოვანი არ ესწრებოდა ამ შემთხვევას და მხოლოდ მათთან მისული ინფორმაცია გაუზიარეს დირექციას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში დევს როგორც არასრულწლოვნის, ასევე დირექციის ჩვენებები, რომელიც, გარკვეულწილად, არის ურთიერთსაპირისპირო და ჭეშმარიტებას ვერ ვადგენთ. საგამოძიებო დეპარტამენტმა ამოიღო ჩანაწერები სკოლიდან, რომ ვნახოთ ნათლად, რომელ მომენტში მოხდა ეს, იყო უკვე იქ პოლიცია, თუ არ იყო ჯერ. მოხდა თუ არა რაიმე სახის იძულება ბავშვებზე. მასალის გაცნობის შემდეგ ამაზე შემეძლება, გადაჭრით გაგცეთ პასუხი, რა რეალობა იყო სკოლაში. 100-ზე მეტი ვიდეოთვალი აყენია და ეს ნაწილიც გადაღებული უნდა იყოს“, – ამბობს რეზო აჭარაძე.

LB loan image desktop LB loan image mobile