„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან ომისთვის“ | რა ხდება პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებთან?

პუბლიკა

გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების უფროსის გენერალი ნიკ კარტერის თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი გააქტიურების ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში, დიდი ბრიტანეტიც და მისი მოკავშირეებიც NATO-დან მზად უნდა იყვნენ, რუსეთთან შესაძლო ომისთვის.

როგორც The Guardian წერს, ნიკ კარტერი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება დასავლეთთან, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში რუსული საფრთხე გაზრდილია იმასთან შედარებით, რაც მისი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სათავეში მოსვლისას იყო, 8 წლის წინ.

გენერალი ამბობს, რომ რუსეთის სტრატეგიაა ჰიბრიდული დაპირისპირება, მუდმივი საფრთხის გამოწვევითა და დესტაბილიზაციით, სხვადასხვა ტიპის თავდასხმებითა და მიგრანტთა კრიზისის შექმნით.

ნიკ კარტერს ერთ-ერთ გადაცემაში რუსეთზე კითხვა დაუსვეს ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის კომენტარზე საპასუხოდ, რომელშიც დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, დასავლეთთან უკვე ომში არიან.

კარტერმა კი დაზვერვის ყოფილი ოფიცრის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას გარკვეულწილად ეთანხმება.

„დიახ, ვფიქრობ ის მართალია. თუმცა, მნიშვნელოვანია, როგორ განვსაზღვრავთ ომს. მე, როგორც ჯარისკაცს, ომის განსაზღვრება პირდაპირ შეიარაღებულ დაპირისპირებად მესახება და ამიტომ, ვფიქრობ, მოსკოვში ეს არ სურთ. მათ თავიანთი მიზნების მისაღწევად განსხვავებული მეთოდების გამოყენება ურჩევნიათ“, – თქვა კარტერმა.

კითხვაზე შესაძლოა, თუ არა დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს, გენერალმა უპასუხა, რომ არ იცის, მაგრამ ლონდონში ფხიზლად უნდა იყვნენ და დარწმუნდნენ, რომ რუსეთის შეკავების პოლიტიკა წარმატებული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია NATO-ს ერთიანობა რუსული საფრთხის წინააღმდეგ.

ლონდონში გაკეთებული განცხადების ფონზე, ინგლისურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის პაქტი გაფორმდება. პაქტის გაფორმებასთან ერთად კი უკრაინაში შესაძლოა, 600-მდე ბრიტანელი სამხედრო განალაგონ.

რა ხდება პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებთან?

გუშინვე, პოლონეთ-ბელარუსისა და რუსეთ-უკრაინის საზღვრებზე გართულებული მდგომარეობის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს ესაუბრა.

როგორ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ბლინკენმა მხარდაჭერა აღუთქვა პოლონეთს, რომელსაც უწევს შეაკავოს „ლუკაშენკას რეჟიმის მიერ ცინიკურად გამოყენებული დაუცველი მიგრანტები“.

„ლუკაშენკას ეს მოქმედებები ემუქრება უსაფრთხოებას, თესავს განხეთქილებას და მიზნას ისახავს, ყურადღება გადავიტანოთ რუსეთის გააქტიურებისგან უკრაინის საზღვართან.

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და მინისტრი რაუ მკაცრად გმობენ დაუცველი მიგრანტების ინსტრუმენტალიზებას და მოუწოდებენ ლუკაშენკას, ამის ნაცვლად გამოასწოროს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამომწვევი მიზეზები – ბელარუსი ხალხის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები.

სახელმწიფო მდივანი დიდად აფასებს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობიას მიმართ. აშშ, პოლონეთი და სხვა მოკავშირეები ერთიანები არიან პოზიციაში, რომ მძიმე საზღაური გადაახდევინონ მოსკოვს რეგიონში მისი სამხედრო აგრესიისა და ბოროტი მოქმედებებისთვის“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.

აშშ-სა და პოლონეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებს შორის გამართულ საუბრამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის საზღვრებთან 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი კვლავინდებურად არის მობილიზებული და რუსეთის აქტიურობა უკრაინის საზღვრებთან ომის საშიშროებაზე მიუთითებს. ზელენსკის თქმით, ამაზე ინფორმაცია დასავლეთის ქვეყნებისგან მიიღო.

გუშინვე კიევში ამერიკული სამხედრო ამუნიციის ახალი პარტია ჩაიტანეს. სამხედრო ტვირთი ვაშინგტონიდან 60 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ნაწილია. რომელიც უკრაინამ აგვისტოში მიიღო.

უკრაინამ ბოლო დროს რუსეთისგან გაზრდილი საფრთხის ფონზე სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება დაიწყო თურქეთთანაც. რამდენიმე დღის წინ თურქული უპილოტო საფრენი აპარატები პრორუსული მებრძოლების პოზიციაზე იერიშის მისატანად პირველად გამოიყენეს.

უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გართულდა აპრილში. მოსკოვმა უკრაინის საზღვრებთან დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალების თავმოყრა პირველად სწორედ მაშინ დაიწყო.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფდა კიევის ბრალდებას და აცხადებდა, რომ ჯარის თავმოყრა მხოლოდ წვრთნის მიზეზით ხდებოდა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გაყვანა დაიწყეს, მაგრამ კიევში კვლავ ამტკიცებდნენ, რომ მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობდნენ ყოფნას უკრაინის საზღვრებთან.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის გარტულების პარალელურად წელს ვითარება დამძიმდა ბელარუსსა და მის მეზობელ NATO-ს წევრ ქვეყნებს – პოლონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას შორის. არაერთი საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ლუკაშენკამ საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად ძალაუფლება შეინარჩუნა, ევროპაზე შურისძიება დაიწყო მის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების გამო.

ბელარუსის ხელისუფლება ტურისტულ ვიზებს აძლევს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის იმ ქვეყნების მოქალაქეებს, ვისაც ევროპაში მიგრაცია სურს. ჩაჰყავს ისინი მინსკში, საიდანაც ევროპაში მოხვედრის მსურველები ლიეტუვის, ლატვიასა და პოლონეთის საზღვრებზე გადასვლას ცდილობენ.

ბელარუსის დასავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან დაუდასტურებელი ინფორმაციით, ათასობით მიგრანტია თავმოყრილი. მათმა ნაწილმა სხვადასხვა დროს ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლაც მოახერხა, ბოლოს პოლონეთის საზღვარი 50-მა მიგრანტმა გაარღვია.

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან სამხედროების თავმოყრა დაიწყო, პარალელურად კი ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საზღვართან ერთობლივი წვრთნების გამართვა დაიწყეს ბელარუსმა და რუსეთმა.