ჩვენ არ ვთმობთ, ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას დროს, რომ იმოქმედოს - ზაზა გახელაძის მეუღლე

პუბლიკა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზის განცხადებით, ის საქართველოს ხელისუფლებას აძლევს დროს, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად იმოქმედოს.

როგორც ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს საპატრიარქოსგან არ მიიღებენ პასუხს, რომელიც ასევე ჩაერთო გახელაძის გათავისუფლების საკითხში.

„ჩვენ ვითვალისწინებთ პატრიარქის თხოვნას და პატრიარქის მოწოდებას, რომ პასუხი გაეცეს პატრიარქისგან მიწერილ წერილს. დავაკვირდებით, თუ რამე შეიცვლება. ჩვენ არ ვთმობთ. ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას დროს, რომ იმოქმედოს და შედეგზე იფიქროს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს გათავისუფლება“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებთან.

უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამის, მიხეილ გახელაძის განცხადებით,   კიდევ ერთ ვადას მისცემენ ხელისუფლებას და თუ ერთ თვეში ზაზა გახელაძე არ გათავისუფლდება, მთელი ოჯახი გადავა ოკუპირებულ ცხინვალში.

„პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან. მის თხოვნას ვითვალისწინებ“ – თქვა გახელაძის მამამ ჟურნალისტებთან. 

ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართა.

„თავისუფლება ზაზა გახელაძეს“ – ამ სლოგანით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში სამოქალაქო აქტივისტებმა და ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.