პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ საკითხზე „ზედმეტი აჟიოტაჟის“ ატეხვა არ ღირს და ხელისუფლება „გონივრული პოლიტიკით“ ინარჩუნებს მშვიდობას და მალე ამ პოლიტიკით სახელმწიფოსაც გააერთიანებს.
„მე მინდა, მთავარი გითხრათ და შეგახსენოთ ყველას: არათუ მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია, სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან.
მე მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე შევახსენებდი, რომ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ ჩვენ, კოდორის ხეობა, რომელსაც არავითარი შეხება არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი.
ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.