ბიჭვინთის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას დღემდე განცხადებაც კი არ გაუკეთებია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფხაზეთში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხმაურება და მოუწოდებს სახელმწიფოს, დროულად გადადგას ნაბიჯები აფხაზეთში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შეკავებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისკენ.

„აფხაზეთში მიმდინარე პროცესების პასუხად, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დღემდე არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადებაც კი, რაც საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წინაშე ამ საკითხის აქტიური დაყენების, რუსეთის მიმართ უკმაყოფილების დიპლომატიური სიგნალის ჩვენებისა და ამავდროულად აფხაზური საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გამოვლინება იქნებოდა. ამგვარი რიტორიკა წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური ენისა და პრაქტიკის ყოველდღიურობა იყო და გაუგებარია, რა გახდა მისი უაპელაციო შემობრუნების მიზეზი.

ამასთან, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტის რეგიონებში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურებას მოსდევს აშკარა უკმაყოფილება ადგილობრივი ელიტებისა და საზოგადოების მხრიდან და ამავდროულად, რუსეთის მხრიდან კეთდება განცხადებები მომავალში ადგილობრივი ხელისუფლებების დაფინანსების შემცირების თაობაზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ იმუშაოს სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით და აფხაზური და სამხრეთ ოსური პოლიტიკური ელიტებისთვის ეკონომიკური, სოციალური ალტერნატივების შეთავაზებაზე. სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლება პასიური და უმოქმედო ჩანს.

მთლიანობაში აშკარაა, რომ აფხაზეთის საზოგადოებაში მძლავრია თვითმყოფადობის შენარჩუნების და დაცვის ინტერესი, მათ შორის რუსეთის ანექსიური პოლიტიკისგან, იმ ფონზეც კი, როცა რუსეთი აფხაზეთის დღევანდელი ელიტისთვის ერთადერთ უსაფრთხოების გარანტორად განიხილება. აფხაზურ საზოგადოებაში არსებული ეს პროცესები უხილავი რჩება ქართული საზოგადოებისთვის და პოლიტიკური ელიტისთვის და სამწუხაროდ, არ ხდება წინააღმდეგობის ამ ისტორიული პროცესების სათანადო დანახვა კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. უფრო მეტიც, სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანობისთვის სახელმწიფოს მიერ მობილიზებული პოლიტიკური, ადამიანური და ეკონომიკური რესურსები მკვეთრად მწირია, რაც საკითხის ნაკლებ პრიორიტეტულობაზე უფრო მიუთითებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • „აქტიურად დააყენოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხები და ამ კუთხით გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომა პროცესის შესაჩერებლად;
  • გადახედოს და საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში, თუ რას აკეთებს ის რეგიონში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურების და ფორსირების პირობებში და ამ მიმართულებით რა პოლიტიკურ, დიპლომატიურ სტრატეგიებსა და სამუშაოებს მიმართავს;
  • არსებულ კონტექსტში გააძლიეროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესი და შექმნას ადგილობრივი ელიტებისთვის და საზოგადოებისთვის მისაღები და საინტერესო ეკონომიკური და სოციალური ალტერნატივები”, – წერს ორგანიზაცია.