ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს - კობახიძე ივანიშვილის წერილზე

პუბლიკა

„ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან. მათ შორის ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თავად წაიკითხავს და გამოიტანს დასკვნებს ამ წერილიდან”, – „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება.

„თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გზავნილების შემცველია ბატონი ბიძინას წერილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში, რაშიც არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცებზე საუბარი. თუმცა, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს. რეალურად, ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს ეს წერილი. გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები იმ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ წერილში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში. მათ შორის ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი რისკები ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის კომენტარის წერილობით ვერსიას imedinews.ge ავრცელებს.