ჩვენ განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ყოველგვარი გარანტიების გარეშე - ირაკლი ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენ განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის ბედს, მათ შორის, უსაფრთხოებასაც ყოველგვარი გარანტიების გარეშე”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დასმულ შეკითხვას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომის მიზეზად კვლავ უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ასახელებს. მაგალითად კი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებებს იშველიებს და ამტკიცებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა ზუსტად იგივე თქვეს, რაც მან.

პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ საქართველოს დღეს უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია და ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ გარანტიებს იძლევა NATO-ა, რომლის წევრიც საქართველო არ არის.

„ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად, რატომ იყო ამხელა აჟიოტაჟი. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ბატონმა მაკრონმა სწორედ ეს თქვა, რომ საქართველოსა და უკრაინას მიეცა პერსპექტივა NATO-ში გაწევრიანების, ყოველგვარი გარანტიების გარეშე და თქვა, რომ ეს დასრულდა აგრესიით ორივე ქვეყნის მიმართ. ეს ბატონი მაკრონის სიტყვებია. ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ უკრაინა დაისაჯა იმის გამო, რომ მას ჰქონდა სურვილი თუ აქვს სურვილი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მეც თითქმის იგივე ვთქვი, რომ მას აქვს სურვილი გახდეს NATO-ს წევრი. იგივეა, NATO-ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე. გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, თუმცა სხვა თემა რომ აღარ დარჩათ, რაღაცაზე ხომ უნდა ეხმაურათ, შემდეგ ვიღაცებიც დაიხმარეს გარედან და არაფრისგან შექმნეს აჟიოტაჟი. მე რაიმე ახალი ვთქვი თუ რა? რაიმე გითხარით, რაც არ იცით?

დღეს ქვეყანას არავითარი უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია, არავითარი, ნული. ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენ განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის ბედს, მათ შორის, უსაფრთხოებასაც ყოველგვარი გარანტიების გარეშე. დღეს რაც ვიცით, ერთადერთი ასეთი გარანტიების მიმცემი ორგანიზაცია არის NATO, რომლის წევრი არ ვართ, არც ევროკავშირის წევრი არ ვართ ჯერჯერობით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული უცხო ქვეყნის ჯარები, საოკუპაციო ძალები. ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%, ეს არის დიდი გამოწვევა.

ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ისე, რომ გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინებაც და გონიერება, რომ ქვეყანას აარიდოს მორიგი დამანგრეველი ომი და ოკუპაცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ვნახეთ, რომ ბოლო 10 წელია ამ პოლიტიკამ, ამ პრაგმატულმა, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილმა, ორიენტირებულმა პოლიტიკამ, კონკრეტული შედეგი მოიტანა. ერთადერთი შემთხვევაა მეგობრებო, ჩენი მმართველობის დროს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ჰქონია ომი, არ ჰქონია არავითარი სერიოზული კონფლიქტი. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.


„ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება“ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 30 მაისს, ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე დასმულ შეკითხვას. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა. ღარიბაშვილის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან.