ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება - ნულანდი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, შეერთებულ შტატებს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, რომ მუდამ მზადაა, განიხილონ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრების საკითხი.

ნულანდის თქმით, ამ ქვეყნებსაც დასჭირდებათ ალიანსის სტანდარტების დაკმაყოფილება, მაგრამ სტაბილური დემოკრატიის პირობებში მათი გზა გაწევრებისკენ უფრო მარტივი იქნება.

„იმ ხუთი ადმინისტრაციის პირობებში, რომელთა დროსაც მე მიმსახურია, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით ფინეთსა და შვედეთს – ნებისმიერ დროს, როცა მოგინდებათ წევრობაზე საუბარი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

ფინეთსა და შვედეთს ასევე შევაფასებთ, NATO-ს მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, თუმცა ამ ქვეყნებში მყარი, სტაბილური დემოკრატიაა. ასე რომ, ეს პროცესი მცირედით განსხვავებული იქნება იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ახლა გარდაიქმნებიან დემოკრატიულ სისტემებად და ებრძვიან ინტენსიურ პრობლემებს კორუფციაში, ეკონომიკური რეფორმების გატარებისას, სტაბილური დემოკრატიის მისაღწევად და ა.შ.“, – განაცხადა ნულანდმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.