ჩვენ როგორ ვგლოვობთ, ვანახოთ ამ სისტემას - მაჩალიკაშვილის დედა მგლოვიარე დედებს პარლამენტთან მისვლას სთხოვს

პუბლიკა

დღეს ყველა ხედავს, ჩემი ოჯახის მიმართ რა უსამართლობაა. ვისაც გული შესტკივა, დღეს ყველა დედას ვთხოვ, რომ ჩვენ ვიზეიმოთ ამაღამ ამ პარლამენტის წინ, როგორც მგლოვიარე დედებს შეეფერება, ჩვენ როგორ ვგლოვობთ, ვანახოთ ამ სისტემას. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ გამოვიდეს ყველა დედა და მოვითხოვოთ ჩვენი სიმართლე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 31 დეკემბრის ღამეს ის პარლამენტის წინ მისვლას აპირებს.

„ამაღამ მე ვაპირებ აქ, გავიყინები თუ მოვკვდები, მე არ წავალ აქედან. დაიდგმება აქ ჩემი ბანერი, დაიდგმება ჩემი კარავი, თუ ღირს ჩემი სიცოცხლის ფასად, დაე, ასე იყოს”, – განაცხადა მარგოშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის წინ კარვების აშლის ყურება მისთვის გულსატკენი იყო და ამგვარ საქციელს კახა კალაძისგან არ ელოდა.

„მერიისგან გუშინდელი საქციელი იყო ძალიან გულსატკენი. მე კალაძისგან არ ველოდი.  კალაძის მიმართ მე რაღაც სიმპატია მქონდა. ამ ადამიანმა ჩვენზე წინ იგრძნო და იცის რა მძიმე განცდაა ოჯახის წევრის დაკარგვა. არ ველოდი მართლა, მერისგან ასეთ არაადამუანურ მოპყრობას. მით უმეტეს, 2 წელია ვითხოვთ, რომ დაისაჯოს ჩვენი შვილის მკვლელები, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა”, – განაცხადა მარგოშვილმა.

მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში პარლამენტის წინ გაშლილ კარავში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ.

„რას ვითხოვთ? ხელმოწერებს ვაგროვებთ ორი წელია და დგას ბანერი, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. რა არის ამაში ცუდი? თუ არიან მართლები, შედგეს ეს საპარლამენტო-საგამოძიებოკომისია. ამისთვის ვიდექით აქ. ეს კომისია რომ შექმნილიყო ჩვენი ხელით ავიღებდით ამ კარვებს.

წუხელ ეს სურათი რომ დავინახე, გადავწყვიტე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, სიცოცხლე რომ დავთმო ამ პარლამენტის წინ, ვიბრძოლებ სისხლის ბოლო წვეთამდე ჩემი სიმართლისთვის და ამ არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ გადავწყვიტეთ წამოვსულიყავი. ყველა შვილმოკლულ დედას ვთხოვ, დავდგეთ, მოვითხოვოთ სიმართლე, რომ ეს სისხლიანი სისტემა დაინგრეს. ესენი უკვე ზღვარს გადავიდნენ. შვილი მომიკლეს და აქეთ ტერორისტობას და კრიმინალობას გვაბრალებენ. მაზლისშვილი, რომელიც ძმის ადგილას დაუდგა ბიძას გვერდით, ისიც მძევლად ჰყავს ამ ივანიშვილი სისტემას აყვანილი”, – განაცხადა მარგოშვილმა.


წუხელ მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვები და აქციების ატრიბუტიკა წაიღო, შემდეგ კი ტერიტორია მორეცხა. სატვირთო მანქანით ადგილზე საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს.

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იყვნენ შეკრებილები. დაპირისპირება მოხდა პოლიციასთანაც. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 9 პირი.