ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, არავის ვემათხოვრებით და ვეხვეწებით - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩვენ არავის არაფერს ვეხვეწებით და არ ვმათხოვრობთ, ეს კომენტარი მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

„ჩემთვის მთავარია დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ, 300-მა ადამიანმა, ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხის, რომლის 80% მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანების.

ეს არის აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ მათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ სრული უპასუხისმგებლობა აჩვენეს. ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა.

სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ დაველოდებით 23-24 ივნისს, რომ გავიგოთ ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც რეალურად აქვთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენს ევროპელ, ნამდვილ მეგობრებს.

ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია ვართ, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. რა თქმა უნდა, ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ეხლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს.

მე საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, რომ ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარია დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


შეგახსნეებთ, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.