ჩვენ თქვენ დაგიბრუნეთ „რუსთავი 2“ - თეა წულუკიანი „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს

პუბლიკა

„თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის რაც გეკუთვნოდათ, „რუსთავი 2“ ეკუთვნოდა ქართველ ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს. ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის სადარაჯოზე“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს მათთან ინტერვიუს დროს. მას შემდეგ, რაც მათ ნიკა გვარამიას მიმართულებით გაკეთებული განცხადების განმარტება სთხოვეს.

ხოლო „რუსთავი 2-ის“ წამყვანის ირაკლი იმნაიშვილის კომენტარზე, რომ „რუსთავი 2“ ამჟამინდელ მფლობელს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა, წულუკიანმა განაცხადა, რომ მართალია „ოცნებას“ არ დაუბრუნებია ტელეკომპანია, თუმცა „ამისთვის ბევრი იშრომა“.

„ქართულ ოცნებას“ ამ დროს ეძინა. კიბატონო, შევთანხმდით. „ქართულ ოცნებას“ და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინათ და კანონიერება აღდგა თავისით“, – თქვა თეა წულუკიანმა.