დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 107 წელი გავიდა.
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ულოცავენ გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, დანიის, შვედეთის, ნიდერლანდების, ჩეხეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, ინდოეთის საელჩოები და საგარეო უწყებები.
დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მიულოცა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პაველ ჰერჩინსკიმ.
„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი, იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით.
ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული – სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წინ საქართველო, წინ!” – აცხადებს პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
„ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა ემყარება დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს…
ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება“, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III
„მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს. მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლეს დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ ყველა ქართველს საუკეთესო სურვილებს“, – აღნიშნულია მეფე ჩარლზ III-ის მისალოც წერილში.
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისთვის თბილისში აქციები იგეგმება. აქცია სახელწოდებით – „საქართველო კვლავ დაგიცავ“ 15:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაუღალავად მებრძოლ საზოგადოებას. მათივე ცნობით, დილიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების განრიგთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად საზეიმო ღონისძიებები დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. ღონისძიების ცენტრალური ნაწილი თავისუფლების მოედანზე წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონია იქნება.
თბილისის გარდა, წვევამდელები ფიცს ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე დადებენ – კახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში და სამეგრელოში.