მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, კიევიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მიმართვის დასაწყისში სააკაშვილი მიესალმა თავის მხარდამჭერებს, გადაუწყვეტელ ამომრჩეველსა და იმ ხალხს, ვინ მას მხარს არ უჭერს. სააკაშვილის თქმით, მთავარი არა რომელიმე კანდიდატურის მოწონება და მხარდაჭერა, არამედ საქართველოს მომავალზე ფიქრი და ქვეყნის სიყვარულია.
„მთავარი ის კი არ არის, სააკაშვილს ენდობით თუ არა, მთავარი არის ის, როგორია თქვენი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთად მუშაობას, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას და მომავალი თაობის ბედს.
ახლა ჩვენ ვართ ძალიან გადამწყვეტ ეტაპზე. ძალიან ბევრი ერი გამქრალა დედამიწის ზურგიდან და მერე, როდესაც ერები ქრებიან, ვეღარავინ განსჯის მტყუან-მართალს, ვისი პასუხისმგებლობაა – ამაზე ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან ხოლმე, მაგრამ ფაქტი შემორჩება ისტორიას, როდესაც ერი, მათ შორის, წარმატებული, ძველი ერები გაქრნენ და შეწყვიტეს არსებობა. არ გვინდა, რომ ეს ბედი ეწიოს საქართველოს, მაგრამ ჩვენ ვართ ის თაობა, რომლის დროსაც ეს შეიძლება მოხდეს, თუ დაუყოვნებლივ არ ვიმოქმედეთ.
ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე ფორმაში, ეს ჩემზე უკეთ იცით. თუ ასე გაგრძელდა, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ზუსტად ხუთ წელიწადში ვიქნებით ერთ მილიონზე ნაკლები ადამიანი საქართველოში. თუ ეს ტენდეცია შენარჩუნდა, საქართველო გაკოტრდება, იმიტომ რომ ერთიან ეროვნულ პროდუქტში შიდა ვალის ოდენობა აღემატება 60%-ს. ეს ნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე თაობა წინასწარ არის ვალში ჩაფლული და მოუხდება ამ საგარეო და საშინაო ვალების გადახდა.
თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საბანკო ვალების გამო მოსახლეობა დარჩება არამხოლოდ შემოსავლების გარეშე და ულუკმაპუროდ, სახლ-კარის, თავისი არსებობის მინიმალური პირობების გარეშე და ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე რომ საქართველო, რომელიც ისედაც მძიმე ფორმაშია ეკონომიკურ-პოლიტიკურ, ყველა სხვა თვალსასზრისით, აღმოჩნდა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე.
ახლა არმოქმედება, ახლა ერთად არ დგომა არამხოლოდ გაუმართლებელია, მართლაც დანაშაული იქნება ისტორიის, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების წინაშე.
რა თქმა უნდა, ვხედავთ რომ არის დიდი უსამართლობა, ფიზიკური საფრთხის განცდა თითოეული ქართველისთვის… ჩვენი ერი არის გაძარცვული და დამცირებულ მდგომარეობაში, მაგრამ მას არ დაუკარგავს ღირსება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. სწორედ ამიტომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე პრეზიდენტი საღამოს ისაუბრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ფიგურა ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციას იწვევს, რაც მხოლოდ მმართველ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხელს. გიგა ბოკერიას შეფასებით, ენმ-ს 2012 წლამდელ საქართველოში დაბრუნება სურს.
ხელისუფლება სააკაშვილს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგებას უწინასწარმეტყველებს. „ჩამობრძანდეს“ – ძირითადად, ასეთი იყო მმართველი გუნდის მესიჯბოქსი.