„ძალა ერთობაშიას“ პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება

პუბლიკა

„ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე პრეზიდენტი საღამოს ისაუბრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„მიხეილ სააკაშვილის რესურსი უნდა იყოს გამოყენებული საქართველოში. რაც შეეხება მის კავშირს, გამოცდილებას, ავტორიტეტს, ერთი მხრივ ბიზნესწრეებში, მეორე მხრივ მისი ავტორიტეტი, რომელიც ჩვენი მოკავშირეების აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაშია, უნდა იქნეს გამოყენებული“, – განმარტა ვაშაძემ შეკითხვის საპასუხოდ, მაინც რატომ შეჯერდნენ პარტიები სააკაშვილის კანდიდატურაზე.

რაც შეეხება შეკითხვას სააკაშვილის კანდიდატურაზე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულების შესახებ, ვაშაძე პასუხობს, რომ ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, ვისაც არ მოსწონს სააკაშვილის კანდიდატურა, არ იმსჯელოს ამის შესახებ.

„ვისაც არ სურს ამ თემაზე მსჯელობა, აქვს კონსტიტუციური უფლება, არ იმსჯელოს; ვისაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, აქვს კონსტიტუციური უფლება, არ მოსწონდეს. გაგიკვირდებათ და ვიცნობ ადამიანებს, ვისაც 500-ევროიანი ბანკნოტი არ მოსწონს“, – განაცხადა ვაშაძემ.