ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, ამის გამოხატულებაა [რუსეთის] დღევანდელი გადაწყვეტილება - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება ქართული ოცნების „პრაგმატული პოლიტიკის” გამოხატულებაა. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„დღეს თუ ეს არის ჯილდო ქართული ოცნებისთვის, გამოდის, რომ 2019 წელს, მაშინ რუსეთმა ქართული ოცნება დასაჯა – ხომ მარტივი ლოგიკაა? რაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ 2019 წელს, ანუ, მაშინ დასაჯა რუსული ქართული ოცნება, მათი განმარტებით, დღეს ახლა დააჯილდოვა, ეს სასჯელი მოუხსნა, სად არის აქ ლოგიკა?

სინამდვილეში, რეალობა არის ერთი, რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. რატომ უნდა გადაიხადონ ჩვენმა მოქალაქეებმა სამჯერ ძვირი მგზავრობაში, რატომ უნდა მოუწიოთ სხვა ქვეყნებით ჩამოსვლა, რაც მათ აბრკოლებს?! ჩვენ კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. ჩვენ კონსტიტუცია გვაკისრებს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ამ ადამიანების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე. რატომ უნდა დავუწესოთ ჩვენ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შესრულებენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უთხრა რუსულ მედიას.


2000 წელს საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა დსთ-ის ქვეყნებიდან, რომელსაც რუსეთმა დაუწესა სავიზო რეჟიმი. 2006 წელს რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული პროდუქციის იმპორტზე, შეწყდა, საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. იმავე წლის ზამთარში რუსეთმა საქართველოს მოულოდნელად შეუწყვიტა გაზის მიწოდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა.

2019 წელს პუტინის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ – როდესაც დიდი სახალხო პროტესტი მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას.