აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 14 სექტემბერს გამართულ პრესბრიფინგზე აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს და ინდივიდუალური სანქციები ამას ვერ შეცვლის.
ჟურნალისტმა მილერს ჰკითხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის მიერ საქართველოს მთავრობისა და FSB-ს კავშირები აღიარების შესახებ.
მილერის თქმით, ის ამ დასკვნას არ ეთანხმება.
„არ მინდა, ასე დავასკვნა. ვიტყვი, რომ დღეს სანქციები დავუწესეთ 150 სუბიექტს და პირს, ვერ შევძლებ დაწვრილებით ვისაუბრო ამ სანქციებზე“. – თქვა მილერმა.
ჟურნალისტმა მილერთან ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რუსეთის პროპაგანდისტულ ქმედებებსა და მის განცხადებას, რომლითაც ის რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას „ნატოს შეჭრას“ უკავშირებს.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ ამჟამად ქვეყანაში მოქმედი პროპაგანდისტების სანქცირებას, მილერმა განაცხადა, რომ აშშ სანქციებს აწესებს მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ მიიჩნევს.
„ჩვენ ვაწესებთ სანქციებს მაშინ, როდესაც ამას მიზანშეწონილად მივიჩნევთ“. – განაცხადა მილერმა.
მისივე თქმით, აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ქვეყნის მომავალზე საერთო წარმოდგენით, მას ევრო-ატლანტიკურ ოჯახში ხედავენ.
„არავითარი ინდივიდუალური სანქცია ამ ხედვას ან ურთიერთობას არ ცვლის”. – თქვა მან.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.
ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.