„პირადად ისარგებლა FSB-სთან კავშირით" — აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

„ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე სიაში შეყვანილია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო“. – წერია განცხადებაში.

სანქციები შეეხო ალექსანდრ ონიშენკოს, რომელიც პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსია, დაკავშირებულია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და არის FSB-ის ოფიცერი.

აშშ მიუთითებს:

„ალექსანდრ ონიშენკომ და რუსულმა FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.

აშშ მიუთითებს, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია.

რაც შეეხება ალექსანდრ ონიშენკოს, დეპარტამენტის თანახმად, „ის, სავარაუდოდ, დაეხმარა თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად დადის რუსეთში“.

განცხადებაში წერია, რომ სანქციები შეეხება რუსეთში დაფუძნებულ 2 საკონსულტაციო კომპანიას, რომელთა 50%-საც ფარცხალაძე ფლობს: LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE  და LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.

ყოფილმა შს მინისტრმა და პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა 2014 წელს, სასამართლო პროცესზე თქვა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს ის ე.წ. მატროსოვის ციხიდან, შუაღამისას, ბადრაგებმა ჩუმად გაიყვანეს და სავარაუდოდ, ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს, ან პროკურატურაში, სადაც ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი დახვდნენ. როგორც მერაბიშვილმა თქვა, მაღალჩინოსნებმა მას სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიწოდება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ციხიდან მალე გამოშვებას დაჰპირდნენ. ასევე, როგორც მერაბიშვილი ამბობს, მათ მოითხოვეს ზურაბ ჟვანიას საქმეზე მასალების მიწოდება.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილები დაადგინა, რომ მერაბიშვილის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში დაირღვა მე-18 მუხლი (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).

ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ ფარცხალაძე თავდასხმაში დაადანაშაულა – შემთხვევა 2017 წლის 12 მაისს მოხდა. აუდიტორმა თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას დაუკავშირა. ქართულმა სასამართლომ ლაშა თორდიას ცემის საქმეში ოთარ ფარცხალაძე გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ ცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი. მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

2021 წელს „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა განაცხადა, რომ საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და ოჯახის სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია.

გარდა ამისა, 2018 წლის 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფარცხალაძემ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა გაიტაცეს, საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სარდაფში ჩაიყვანეს, სცემეს და დაემუქრნენ.