„ყოველ ჩემს გამოსვლას ვიწყებ მადლობით საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
„საზოგადოებაში დამყოლობა და… ზოგი ჭირი მარგებელიაო, გვაქვს ჩვენ ეს გამოთქმა. ამ ჭირმა სერიოზული სოლიდარობა ხომ გააჩინა ქვეყანაში?! როგორი ურთიერთგვერდში დგომა იყო. როცა „ლოკდაუნი“ იყო, სასურსათო მაღაზიებში რომ შეხვიდოდით, იცავდნენ ხომ წესრიგს?! ანუ ჩვენ ვყოფილვართ კანონმორჩილი ხალხი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია და მოსახლეობისთვის ის ცხოვრების წესად უნდა იქცეს.
„ახლა შაბათ-კვირას რომ გავიარე, არ მომეწონა, რამდენიმე პარკში ვიყავი. უცებ ხალხმა თითქოს იფეთქა. გასაგებია ცხელა, ზაფხული მოვიდა და ყველას უნდა, მაგრამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები… როცა ვართ რამდენიმე ადამიანი ერთად, პირბადე უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების ატრიბუტი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მეტროში რომ ჩავალთ, საზოგადოებრივ ტრასნპორტში რომ ავალთ, სამარშუტო ტაქსებში რომ ჩავსხდებით, ტაქსიში რომ ჩაბრძანდებით აუცილებელია [პირბადის ტარება]“, – განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ არაერთი კვლევაა იმაზე, თუ რამდენად იცავს პირბადე ადამიანს, NCDC-მ კიდევ ერთი კვლევა გამოაქვეყნა, თუ როგორ იცავს პირბადე:
„ვთქვათ, თუ მე ინფიცირებული ვარ. ჩვენ ვსხედვართ ერთად და ორივეს გვიკეთია პირბადე, მაშინ 95%-იანი, მაღალი გარანტია არსებობს, რომ არ გადაგედებათ [ინფექცია]. მაგრამ, თუ მარტო მე მიკეთია, ინფიცირებულს, ან მარტო თქვენ, მაშინ ნაკლებია ეს გარანტია“, – აღნიშნა მან.
გამყრელიძემ თქვა, რომ სწორედ ამიტომ უნდა აიკრძალოს დიდი თავყრილობები. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს დროებით უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 23 მაისს დაამტკიცა დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ”, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით რიგ შეზღუდვებს აწესებს.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტი მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების დარღვევისთვის ჯარიმებს განსაზღვრავს.