„პრევენციული ღონისძიებები დაგვჭირდება", - გამყრელიძე ფსიქოლოგიურ საკითხებზე პოსტკორონა პერიოდში

პუბლიკა

„ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიება დაგვჭირდება, იგივე, მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ადამიანზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და ეს მეორე პრობლემა ხდება, ზოგადად, პოსტკორონა ეპოქაში.

„მე მინდა მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ სამი თვის განმავლობაში იმ თმენისთვის და იმ დამყოლობისთვის, რაც ქვეყანაში იყო ამ რთულ პერიოდში. ასე ადვილი არ არის საგანგებო ვითარებაში ცხოვრება, კარანტინის პერიოდში ცხოვრება. ზოგან მკაცრი კარანტინი რამდენიმე რეგიონში და მუნიციპალიტეტში, რაც გვქონდა. ამავე დროს, კომენდანტის საათი. თან მაშინ, როცა დაკეტილია ყველაფერი ქვეყანაში – ეს არ არის არც ფიზიკურად ადვილი და არც სხვათაშორის, ფსიქოლოგიურად და ეს მეორე პრობლემა ხდება, ზოგადად, პოსტკორონა ეპოქაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს მას ამ თემასთან დაკავშირებით ჰქონდა კიდეც საუბარი დარგის სპეციალისტთან და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარება ქვეყანას დასჭირდება.

„ვისაუბრეთ, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, პოსტკორონა ეპოქაში სწორედ ადამიანთა შორის სოციალური და ქცევითი ურთიერთობების პრობლემა შეიძლება დადგეს და ამას სერიოზული ანალიტიკური მუშაობა სჭირდება. ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიება ჩვენ დაგვჭირდება, იგივე, მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მარტო ჩვენ კი არა, იქ სადაც [კორონავირუსის] ძალიან ბევრი შემთხვევები ჰქონდათ, სუიციდის [შემთხვევების] მომატებას ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით საკარანტინო სივრცეებში. იგივე, მთელ რიგ ფსიქოლოგიურ, ნევროლოგიურ და მენტალურ დარღვევებს [ჰქონდა ადგილი]. ეს დიდი პრობლემაა, ისევე როგორც ბევრი ასპექტი პოსტკორონა ეპოქაში და საჭიროებს სერიოზულ ანალიზს”, – განაცხადა გამყრელიძემ.