ჩვენი აუცილებელი პირობაა - ნიკა მელია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს - ზაალ უდუმაშვილი

პუბლიკა

„ჩვენი აუცილებელი პირობა არის, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს სასწრაფოდ”, – განაცხადა ენმ-ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

მან აქციებიც დაანონსა და განაცხადა, რომ მოსახლეობას კონკრეტულ თარიღებს აცნობებენ.

„…ჩვენ არაფერი არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ გადავიდეთ ქუჩის პროტესტზე. ყველა გზა ჩახერგა თავად, ყველა ხიდი დაწვა თავად, ახლა იქნება პროტესტი, ძალიან მძლავრი და ჩვენ ხელისუფლებას ვაიძულებთ, დასთანხმდეს ოპოზიციის პირობებს. მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი იქნება ის, რაც ხელისუფლებას აიძულებს, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდეს პოლიტდევნილი ნიკა მელია და ასევე სხვა პოლიტპატიმრები. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.