„ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს ერთგვარი დემარშით, რომ მესამედ წარვადგინეთ კანდიდატურა“ - კობახიძე პოლოლიკაშვილზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევს ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნების პროტესტი დაასახელა.

მისი თქმით, კანდიდატურის მესამედ წარდგენა უპრეცედენტოა და ამას კონკრეტული ქვეყნების მხრიდან საქართველოს ელჩების დაბარება მოჰყვა.

„რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი, აღარ მინდა, დეტალებში შევიდე. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა.

პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს. ითვლება, რომ არაა მაინცდამაინც დემოკრატიული, როცა ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება წარდგენა და იყო დამატებით სხვა მიზეზები, რაშიც არ მინდა, შევიდე“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

მანვე უპასუხა ზურაბ პოლოლიკაშვილის მესიჯს, რომელიც „ფორმულამ“ გაავრცელა:

„ჩემთვის დასანანი იყო, რაღაც მესიჯი გავრცელდა ზურა პოლოლიკაშვილის მხრიდან. იქ Deep State-ზე იყო საუბარი. რა შუაშია ამ თემასთან Deep State საერთოდ ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად დასანანია. თან ის არის მოქმედი ხელმძღვანელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ნუ ძალიან საინტერესოა, კონკრეტულ ტერმინებს აღარ გამოვიყენებ.

[…] ერთადერთი, ამ მესიჯმა დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით“, – თქვა კობახიძემ.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა „ფორმულას“ მისწერა, რომ კობახიძისგან პასუხს ელოდება.

„ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.

3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – მისწერა მან ტელეკომპანიას.

„ქართული ოცნების“ მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

ამასთანავე, მთავრობა წერს, რომ „სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა”.

ინფორმაცია, რომ  საქართველო გაიწვევს ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას და მის ნაცვლად მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, თავდაპირველად The Diplomat-მა გაავრცელა.

The Diplomat-ის მიხედვით, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია.