„ჩვენი გადაწყვეტილება ელენესთვისაც კარგია“ - ხაზარაძე ვაკეში კანდიდატის დაყენებაზე

პუბლიკა

გუშინ, 12 აგვისტოს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარმოადგინა. პარტიის ლიდერმა ვაკის საარჩევნო ოლქში კანდიდატად „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე წარადგინა.

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის ერთიანი კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნებოდა. „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე 24 ივნისს აცხადებდა, რომ ხოშტარიას, ალბათ, კონკურენტს არ დაუყენებდნენ.

მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რატომ მიიღეს ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენების გადაწყვეტილება. მისი თქმით, აღნიშნულ ოლქში კანდიდატის დაყენების გადაწყვეტილება ვაკელი ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდა.

„დავინახეთ, რომ ვაკის ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ ვერ გაიგეს რატომ არ უნდა ჰყავდეს ლელოს წარმომადგენელი ვაკეში. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს გავითვალისწინოთ, თან სიმართლე გითხრათ, ვეღარც ავხსენით ეს ყველაფერი ჩვენი ამომრჩეველის წინაშე კარგად“, – თქვა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხოშტარიას მიმართ მისი პატივისცემა და განაცხადა, რომ მისი პარტიის გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება ელენე ხოშტარიასთვისაც.

„მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ჩვენი გადაწყვეტილება  ელენესთვისაც კარგია, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ მოიგებს ოპოზიცია, ჯანსაღ კონკურენციაში ჩვენი კანდიდატი მოიგებს თუ ელენე, ამას ამომრჩეველი გამოავლენს. ჩვენი ისოტრიული ამოცანაა „ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება“, – განაცხადა ხაზარაძემ.