ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ 18 მუნიციპალიტეტში, ორში ენმ ახლოსაა 50%-იან ზღვართან - კობახიძე

პუბლიკა

„არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაცმოძრაობის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50-პროცენტიან ზღვართან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის და კიდევ უფრო მეტი მაღალი აქტივობის საჭიროებაზე ისაუბრა.

„აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული“, – განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, 2024 წლამდე არჩევნები აღარ ჩატარდება.

„ყველა ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე და რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, რათა თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პოლარიზაციის, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებაში.

ნაცმოძრაობისა და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ნე ეცდებიან დაატრიალონ ქარიშხალი ჭიქაში, აქტივისტებს მისცენ მუშაობის, ხოლო ამომრჩეველს არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების საშუალება.

საბოლოო გამარჯვებამდე რჩება 4 საათი. მოდით არჩევნებზე და 8 საათზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი საერთო გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება“, – განაცხადა მან.