ჩვენი კატეგორიული რეკომენდაცია იქნება, ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა შეინარჩუნონ სტატუსი - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შემდეგ, უწყებაში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობებიდან გათავისუფლება არ მოხდება.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნლისტებს განუცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორი მიმართულებით იყოფა, რის შემდეგაც, მოხდება როგორც საგამოძიებო, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით უწყების გაძლიერება.

„საგამოძიებო ფუნქცია და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია თავსებადია თუ არა ერთმანეთთან ან სადმე მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროს ვგულისხმობ, არის თუ არა სადმე ერთად, პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ფუნქციას ითავსებდეს? – პასუხი ამაზე არის არა. გეთანხმებით იმაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რაც თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა, ეს დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი, რომ გავიაროთ, რა არის სწორი ინსტიტუციურად, ეს ორი ფუნქცია შესაძლებელია თუ არა ერთად იყოს, არ არის თავსებადი და არც არის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში იმისა, რომ პერსონალური დაცვის ფუნქცია ითავსებდეს საგამოძიებო ფუნქციასაც.

ორივე ფუნქცია ძლიერდება. რამდენი წუთის წინ მოვისმინე, თითქოს ეს კანონპროექტი და მისი კანონად ქცევა, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ამ უწყებაში რჩებიან, რჩებიან უმუშევრები, – ესეც არის არასწორი ინფორმაცია. ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც სერიოზული პრაქტიკა დაუგროვდათ ამ წლების განმავლობაში, როგორც საგამოძიებო მიმართულებით, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.

აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ვინმემ იფიქროს მათ ხელაღებით გათავისუფლებაზე და რაიმე ასეთ ჩარევაზე. ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ყალიბდება, რომელსაც არა კადრების შეკვეცა და გათავისუფლება, შეიძლება დამატებაც დასჭირდეს და პროფესიონალი კადრები ბუნებრივია შეინარჩუნებენ იქ თავიანთ სტატუსებს. ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც ეს იქნება, ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფის შემდეგ და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი, რადგან ისინი არიან ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები“, – განაცხადა მდინარაძემ.