ჩვენი მხრიდან ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი. ქვეყანასაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად არჩევნების რეჟიმში იყოს. გარდა პოლიტიკისა, ეს ეკონომიკურ სტაბილურობას და სოციალურ სტაბილურობასაც ზიანს აყენებს, – განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში”. ინტერვიუს წერილობით ვერსიას საინფორმაციო სააგენტო IPN ავრცელებს.
„ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში მხარი დაუჭირა 930 000-მა ამომრჩეველმა. ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ მილიონამდე ამომრჩევლის გამარჯვება. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ამდენი ადამიანის გამარჯვება ასე მარტივად დავთმოთ. აქედან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, რომელიც არ გადაიკვეთება ჩვენი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. მგონია, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა ამ პარლამენტში და პირველად 1995 წლის შემდეგ გვექნება ისეთი პარლამენტი, სადაც მმართველ პარტიას არ ექნება ჭარბი უმრავლესობა და იქნება კიდევ 8 ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი.
შეგვიძლია, გამოვრიცხოთ ისეთი სცენარი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ რჩება პარლამენტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. დღეს, შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ დიალოგის შინაარსს ვერ გაავრცელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი პოზიცია გაყალბებულ არჩევნებსა და პარლამენტის ლეგიტიმაციის არცნობასთან დაკავშირებით უცვლელია.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების III რაუნდი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კონსენსუსის მისაღწევად მმართველი გუნდის წინადადებას ელოდებიან.